ავტორი: თამარ ურუშაძე
შესავალი
უკანასკნელ ათწლეულებში სუიციდური ტერორიზმის გლობალურ
ფენომენად გადაქცევის შეუქცევადი ტენდენცია შეინიშნება. ტერორისტული ჯგუფების მიერ
სუიციდური თავდასხმების ინტენსიური გამოყენება ბრძოლის ამ ტაქტიკას მეცნიერული ინტერესესის საგნად აქცევს. მიუხედავად
იმისა, რომ სუიციდური თავდასხმა სიახლეს არ წარმოადგენს, მისი ფართოდ გავრცელება განსაკუთრებულად
შემაშფოთებელია დღეს, ვინაიდან უძველესი დროიდან არსებულ თვითშეწირვის სურვილს ემატება მასშტაბური ზიანის მომტანი თანამედროვე
ტექონოლოგიები.
ტერორიზმთან ბრძოლის წარმატებულობა პირდაპირ
არის დაკავშირებული იმ ასპექტების იდენტიფიცირებასთან, რაც კონკრეტულ ჯგუფსა თუ ინდივიდს
ტერორისტული აქტის განხორციელებისკენ უბიძგებს. თანამედროვე სუიციდური ტერორიზმი სცდება
რომელიმე კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალსა თუ კულტურას/რელგიას. ეს კი თავის მხრივ განაპირობებს
ამ ფენომენის კომპლექსურად შესწავლის საჭიროებას. თვითმკვლელი ტერორისტების მოტივების
გაიგივება იმედგაცრუებასა და სასოწარკვეთილებასთან დამაჯერებლობას მოკლებულია ამ ტაქტიკის
სწრაფად გავრცელებადი ბუნების ახსნისას და მის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგიანობასაც ამცირებს.
სუიციდური თავდასხმა შეიძლება მოვაქციოთ ალტრუისტური
თვითმკვლელობის კატეგორიაში, სადაც საკუთარი სიცოცხლე გამოიყენება კოლექტიური ინტერესის
(რელიგიური, პოლიტიკური თუ სხვა სახის) უზრუნველსაყოფად. თვითმკვლელი ტერორისტის შეჩერებაც
განსაკუთრებულად რთულდება, რადგან ის თავისუფალია ადამიანისთვის დამახასიათებელი უმთავრესი
ბუნებრივი ინსტიქტისგან - თვითგადარჩენის სურვილისგან.[1]
წინამდებარე ნაშრომი მიზნად ისახავს გამოიკვლიოს
ორგანიზაციულ და ინდივიდუალურ დონეზე არსებული მოტივები, რაც ხელს უწყობს სუიციდური
ტერორიზმის პრაქტიკის გავრცელებას ტერორისტულ ორგანიზაციებში. ჩვენ შევეცდებით პასუხი
გავცეთ კითხვას თუ, რატომ ანიჭებენ ტერორისტული ორგანიზაციები სუიციდური თავდასხმას
უპირატესობას სხვა აქტებთან მიმართებით და რატომ ცდილობენ მის აქტიურ დანერგავას თავიანთი
საქმიანობის ფარგლებში. ხოლო მეორე საკვლევი კითხვა შეეხება უშუალოდ თვითმკვლელი ტერორისტების
ინდივიდუალურ მოტივებს, რაც განაპირობებს მათ გადაწყვეტილებას გამოიყენონ საკუთარი
სიცოცხლე ბრძოლის იარაღად. ინდივიდუალური მოტივების განხილვისას ჩვენ ცალკე შევეხებით
ქალი თვითმკვლელი ტერორისტების ფენომენს, ვინაიდან მათი სუიციდურ ტერორიზმში ჩართულობას
განსაკუთრებულ ემოციური დატვირთვა აქვს სამიზნე აუდიტორიისთვის.
სუიციდური ტერორიზმი: ისტორიული მიმოხილვა
სუიციდური ტერორიზმის დეფინიციის ჩამოყალიბება მისი
შესწავლისთვის საჭირო მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. ტერორიზმთან დაკავშირებული
სხვა ტერმინების მსგავსად, არც მისი საყოველთაოდ გაზიარებული დეფინიცია არსებობს. კვლევის
ფარგლებში ჩვენ სუიციდურ ტერორიზმს განვსაზღვრავთ, როგორც ტერორისტულ აქტს, რომლის
„წარმატება“ დამოკიდებულია თავდამსხმელის სიკვდილზე და მან ამის შესახებ წინასწარ იცის.[2] როგორც
ამი პედაზჰური განმარტავს, „სუციციდური ტერორიზმი მოიცავს კონკრეტული ადამიანების მიერ
განხორციელებულ სხვადასხვა ძალადობრივ ქმედებას, სადაც მათ წინასწარ იციან, რომ გადარჩენის
ალბათობა უტოლდება ნულს“[3]
სუიციდური თავდასხმა შეიძლება მივიჩნიოთ თანამედროვე
საშუალებად, რომელსაც ძველ დროში აქვს მყარი საფუძვლები. თანამედროვე თვითმკვლელი ტერორისტებისგან
განსხვავებით ძველად ჯგუფებს არ ჰქონდათ ის ტექნოლოგიური ექსპერტიზა, რომელიც დღესდღეობით
განაპირობებს ზიანის მასშტაბურობას და არც მედია საშუალებები, რომელთა დახმარებითაც
შეძლებდნენ საყოველთაო შიშის დანერგვას. მიუხედავად ამისა, მათ ამჟამინდელ თვითმკვლელ
ტერორისტებთან აკავშირებდათ წინასწარგანზრახული თვითშეწირვა სამოქალაქო თუ სამხედრო
სამიზნეების განადგურებისას სიმბოლური ეფექტის მისაღებად.[4]
რ. ჰასსანი პირველ ჯგუფად, რომელიც მიმართავდა
ბრძოლის ამ ტაქტიკას მიიჩნევდა ზილოტების (იგივე სიკარების) ებრაულ სექტას, რომელიც
მოქმედებდა რომაელების მიერ ოკუპირებულ იუდეაში.[5] XI-XIIIს-ში
ასასინების შიიტური დაჯგუფებაც ამზადებდა წევრებს
სიკვდილისთვის თავდასხმის განხორციელებისას. ისინი მიზნად ისახავდნენ ისლამური სამყაროს
გაწმენდას უმთავრესად სუნიტ ლიდერებზე თავდასხმის გზით. თავდასხმის წარმატებულად განხორციელების
შემდეგ „წმინდა მებრძოლები“ ვალდებული იყვნენ ადგილზევე დარჩენილიყვნენ და თვითმხილველთათვის
მიეცათ საშუალება მოეკლათ იგი.
მე-19 საუკუნეში რუსეთში მოქმედი ანარქისტული
ჯგუფები მტრის გასანადგურებლად და დასაშინებლად იყენებდნენ სუიციდურ თავდასხმებს. მათთვის
ხელმისწავდომი საშუალებები - იარაღი, რომლიდანაც ახლო დისტანციიდან გასროლა იყო შესაძლებელი
და ყუმბარა, რომელიც ასევე ახლო მანძილიდან უნდა ეტყორცნათ - საჭიროებდა მებრძოლეების
მიერ საკუთარი სიცოცხლის შეწირვას მკვლელობის წარმატებულად განხორციელებისათვის.[6] მათი
აზრით, თავის შეწირვით ისინი ლეგიტიმურობას მატებდნენ დასახულ მიზანს და ხელს უწყობდნენ
უფრო მეტი თანამოაზრის გაჩენას მათ რიგებში.
1983 წლის მოვლენებს სუიციდური ტერორიზმის გავრცელების
წახალისებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებათ. ამერიკის და საფრანგეთის საელჩოში
დანაღმული სატვირთო მანქანებით განხორციელებული თავდასხმა ერთ-ერთ ამ მოვლენათაგანია.
უფრო კონკრეტულად სუიციდური ტერორიზმის თანამედროვე ტალღის დასაწყისად ა.კ. კრონინი
მიიჩნევს 1983 წელს აშშ-ს საზღვაო ბარაკებზე სუიციდურ თავდასხმას დანაღმული სატვირთო
მანქანით. ამ აქტის შედეგად დაიღუპა 241 ჯარისკაცი, ხოლო დაშავდა 100-ზე მეტი. იმავე
დროს განხორციელებულმა თავდასხმამ ფრანგ სამშვიდობოებზე 58 სამხედრო იმსხვერპლა, ხოლო
15 დაშავდა. ამ მოვლენების შედეგ ფრანგული
და ამერიკული შენაერთების მიერ ლიბანიდან გასვლა ტერორისტული ჯგუფების მხრიდან ღქმულ
იქნა სუიციდური თავდასხმის ეფექტურობად.[7]
როგორც წინამდებარე მიმოხილვამ წარმოაჩინა, სუიციდური
თავდასხმის ტექნიკა ისტორიულად უცხო არ ყოფილა კონკრეტული მიზნისთვის მებრძოლი ჯგუფებისთვის.
თუმცა ექსპერტების მიერ, 1983 წლის ბეირუთში განხორციელებული სიუციდური თავდასხმა და
მისი თანმდევი წარმატება, მიიჩნევა იმ გადამწყვეტ მომენტად, რომლის შემდეგაც სუიციდური
ტერორიზმი გახდა სხვადასხვა რელიგიური თუ სეკულარული ჯგუფების საბრძოლო ტაქტიკის მთავარი
ნაწილი და იქცა გლობალურ ფენომენად.
მე-20
საუკუნის 80-იანი წლებიდან სუიციდური თავდასხმის პრაქტიკა დაინერგა სხვადასხვა ტერორისტული
ორგანიზაციების მიერ თურქეთში, ჩეჩნეთში, ისრაელში, პაკისტანში თუ სხვა ტერიტორიებზე.
2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტმა კი დასავლური დემოკრატიები
მკაცრი რეალობის წინაშე დააყენა, რომლის მიხედვითაც მათ მოქალაქეებს სუიციდური
თავდასხმის საფრთხე არა მხოლოდ სხვა ტერიტორიაზე ყოფნისას ემუქრებათ, არამედ საკუთარ
ქვეყანაში ყოველდღიური საქმიანობისას. 1980-2005 წლებში განხორციული აქტების უმრავლესობას ადგილი
ჰქონდა შრი-ლანკაში, ისრაელ-პალესტინასა და ერაყში.[8] ავღანეთსა
და ერაყში მიმდინარე ომებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აგრეთვე სუიცუდირი თავდასხმების
სიხშირის მატებაში.
ორგანიზაციული მოტივები
ტერორისტული
ორგანიზაციების მიერ სუიციდური თავდასხმების აქტიური გამოყენება შეუძლებელია აიხსნას
ამ ტაქტიკის შედარებითი დანახარჯისა და მოგების გაანალიზების გარეშე. ტერორისტული ორგანიზაციები
სუიციდური ტერორიზმის თავიანთ საქმიანობაში დანერგვით ცდილობენ მოახდინონ თავიანთი
მიზნების ლეგიტიმაცია, „მტრის“ დემორალიზაცია, ხელი შეუწყონ ახალი თანამოაზრეების გაჩენას და ასევე
მოიზიდონ დაფინანსების წყაროები.
სტატისტიკურ მონაცემებს თუ დავეყრდნობით მსხვერპლის
რაოდენობის თვალსაზრისით სუიციდური ტერორიზმი უპირატესობას ფლობს სხვა აქტებთან შედარებით.
1980-2001 წლებში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმების მხოლოდ 3%-ს შეადგენდა
სუიციდური დაბომბვა, მაშინ როცა საერთო მსხვერპლის 48% სწორედ თვითმკვლელი ტერორისტების
მოქმედებამ გამოიწვია. 2000-2002 წლის პალესტინელების თავდასხმებიდან კი მხოლოდ
1%-ს შეადგენდა სუიციდურ აქტები, მაშინ როცა მსხვერპლის 44% სწორედ ამ ტაქტიკით იყო
გამოწვეული.[9]
სუიციდური ტერორიზმი წარმოადგენს სხვა აქტებთან
შედარებით ეფექტურ ფსიქოლოგიურ იარაღსაც. მთავრობის უუნარობა აღკვეთოს მსგავსი თავდასხმა
ზრდის საზოგადოებაში შიშისა და დაუცველობის განცდას. მის მიერ მოტანილი ზიანის მასშტაბურობა
კი მედიის ყურადღების მიპყრობის უმთავრეს გარანტიას წარმოადგენს. სუიციდური ტერორიზმი წარმოადგენს
„პოლიტიკური თეატრის ფორმას“, სადაც აუდიტორიის რეაქციას უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება,
ვიდრე თავად ქმედებას.[10]
შეიძლება მივიჩნიოთ, რომ სუიციდურ თავდასხმას
ორი სამიზნე აუდიტორია ჰყავს - ერთი მოწინააღმდეგეთა ბანაკში, მეორე კი საკუთარი ხალხი.
თვითმკვლელი ტერორისტების გადაწყვეტილება საკუთარი სიცოცხლე შეწირონ მსხვერპლად იმ
მიზანს, რისთვისაც იბრძვის ტერორისტული ჯგუფი მეტ ლეგიტიმურობას სძენს მათ იდეოლოგიას.
აქედან გამომდინარე თანამოაზრეთა და პოტენციურ თვითმკვლელ ტერორისტთა გაჩენა მათ რიგებში
ბუნებრივი თანმდევი შედეგია.
სუიციდური თავდასხმის დაგეგმვა/განხორციელებაც
ნაკლებ ძალისხმევასთან არის დაკავშირებული. ამ ტაქტიკის წარმატებულობას განაპირობებს
თვითმკვლელი ტერორისტის უნარი გააკონტროლოს დრო და ადგილი. მას შეუძლია მოცემულ დროში,
ადგილზევე გადაწყვეტილების მიღებით რაც შეიძლება მეტი ადამიანი იმსხვერპლოს და სხვა
საშუალებებისგან განსხვავებით მაქსიმალურად მიუახლოვდეს სამიზნე ობიექტს. ეს ტაქტიკა
არ საჭიროებს ასევე ტერორისტის გამოხსნის გეგმის არსებობას და ნაკლებ საფრთხეს შეიცავს
ზოგადად ორგანიზაციის არსებობისთვის, ვინაიდან არ არსებობს შიში იმისა, რომ თვითმკვლელი
ტერორისტი ტყვედ ჩავარდება და მისგან მოწინააღმდეგე მხარე ორგანიზაციის საქმიანობაზე
საჭირო ინფორმაციას მიიღებს.[11]
მაშინ როდესაც სუიციდური თავდასხმის განსახორციელებლად
საჭირო მასალის თვითღირებულება, როგორც წესი, არ აღემატება 500$-ს, მატერიალური სარგებელი
ტერორისტული ორგანიზაციისთვის საგრძნობლად დიდია. თვითმკვლელი ტერორისტისადმი თანაგრძნობის
გამოხატვის უმთავრეს ფორმას სწორედ ჯგუფის დაფინანსება წარმოადგენს. მედიის ყურადღება
და გაზრდილი მხარდაჭერა ტერორისტული ჯგუფის სიცოცხლისუნარიაონობის მთავარი ინდიკატორია,
რაც თავის მხრივ განაპირობებს დაფინანსების წყაროების გადაწყვეტილებას, მატერიალური
დახმარების კუთხით, მეტოქე ტერორისტულ ჯგუფებს შორის არჩევანის გაკეთებისას. ასევე
მნიშვნელოვანია დიასპორის როლი ფინანსური მხარდაჭერის აღმოჩენის თვალსაზრისით, რაც
ნათლად წარმოჩნდა თამილელი ვეფხვების მაგალითზე. მათ, განხორციელებული ერთ-ერთი სუიციდური
აქტის შემდეგ, 150 მილიონი დოლარით დაეხმარნენ 800 000-მდე კანადაში, ავსტრალიასა
და სხვა ადგილებში მცხოვრები თამილელები. [12]
შედეგად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ სუიციდური
თავდასხმებს სხვა ტაქტიკებთან შედარებით უპირატესობა გააჩნია შემდეგი ძირითადი ასპექტების
გათვალისწინებით: ის საჭიროებს ნაკლებ რესურსს განსახორციელებლად, მარტივ სტრატეგიულ
დაგემარებას და შეიცავს მისიის ჩავარდნის მცირე რისკებს. მისგან მიღებული სარგებელი
მსხვერპლის რაოდენობის, მედიის ყურადღების, შიდა კონსოლიდაციისა და ფინანსური მხარდაჭერის
თვალსაზრისით კი სუიციდურ ტერორიზმს ორგანიზაციებისთვის სასურველ ტაქტიკად აქცევს.
ინდივიდუალური მოტივები
სუიციდური თავდასხმების შედეგად გამოწვეული ზიანის
მასშტაბურობა კიდევ ერთხელ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს გავრცელებულ შეხედულებას, რომლის
მიხედვითაც თვითმკვლელი ტერორისტები წარმოადგენენ ფანატიკოსებს და მოქმედებენ აფექტურ მდგომარეობაში. ამის საპირისპიროდ ჩვენ შეგვიძლია
მივიჩნიოთ, რომ ისინი არიან მართულნი კონრეტული მოტივებითა და ემოციებით, რაც აიძულებს
მათ იფიქრონ მხოლოდ მისიის წარმატებით შესრულებაზე საკუთარი სიცოცხლის შეწირვის გზით.
იმ ემოციებს შორის, რომელიც უბიძგებს ინდივიდს
გახდეს თვითმკვლელი ტერორისტი განსაკუთრებულად მძაფრია ოჯახის წევრის სიკვდილით ან
შეურაცხყოფით გამოწვეული შურისძიების სურვილი. სუიციდური თავდასხმის განხორციელება
ასევე შეიძლება განპირობებული იყოს ინდივიდის ალტრუისტული რწმენით, რომ საერთო მიზნის
მიღწევის ერთადერთ ეფექტურ საშუალებას სწორედ ეს ტაქტიკა წარმოადგენს.
თვითმკვლელ ტერორისტებს მიწიერი და ზეციური ჯილდოს
მიღების სურვილიც ამოძრავებთ. სუიციდური აქტის განმხორციელებელთა ოჯახები განსაკუთრებული
პატივისცემით სარგებლობენ საზოგადოებაში. როგორც წესი, სიკვდილის წინ ვიდეოთი გადაღებული
მათი ბოლო სიტყვა ვრცელდება ინტერნეტ გვერდების საშუალებით, ასევე მათი სურათები განთავსდება
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ასევე ხშირ შემთხვევაში სუიციდურ თავდასხმას საფუძვლად
უდევს მატერიალური მოტივები, ვინაიდან თვითმკვლელი ტერორისტის ოჯახს ფულად ჯილდოს
(კომპენსაციის სახით) გადასცემს წარმგზავნი ტერორისტული ორგანიზაცია. შედეგად იმ ადამიანებისთვის,
რომლებიც თავიანი ცხოვრების არსს ვერ ხედავენ სუიციდური თავდასხმა წარმოადგენს საზოგადოებაში
გმირის სტატუსის მოპოვების, ოჯახისადმი პატივისცემის უზრუნველყოფისა (პირდაპირ გავლენას
ახდენს ე.წ. self-image-ზე) და ასევე მატერიალური სარგებლის მოტანის ეფექტურ საშუალებას.
რელიგიურ ჯგუფებში ინდივიდუალურ დონეზე განსაკუთრებული
მნიშვნელობა ენიჭება არამიწიერი სარგებლის მიღების სურვილს. რელიგიური დოქტრინით ხდება
გამართლება ერთი შეხედვით ამორალური ქმედების. ისლამურ სამყაროში სულიერი ჯილდო, როგორც
წესი, მოიცავს შემდეგ ასპექტებს: „მარტვილის სისხლის პირველი წვეთის დაცემისას მას
ამქვეყნიური ცოდვები მიეტევება, დაუყოვნებლივ ხვდება სამოთხეში, აქვს პრივილეგია იყოს
წმინდანებთან და მორწმუნეებთან ერთად, 70-მდე ნათესავს შეუძლია შუამდგომლობა გაუწიოს
ღმერთთან, ასევე დაცულია სიკვდილის თანმხლები ტკივილისგან“.[13]
მიუხედავად იმისა, რომ რელიგიური ასპექტები მნიშვნელოვანწილად
განაპირობებს ინდივიდის გადაწყვეტილებას სიცოცხლე გაიღოს მსხვერპლად საზოგადო მიზნის
მისაღწევად, სუიციდური ტერორიზმი მხოლოდ ისლამურ ფუნდამენტალიზმთან არ უნდა გავაიგივოთ.
ინდივიდუალური გადაწყვეტილება შეიძლება პატრიოტული სენტიმენტებითაც იყოს განპირობებული.
მაგალითად თამილელი ვეფხვების იდეოლოგია მარქსიზმ-ლენინიზმს ემყარებოდა და რთულია რელიგიურ
მოტივების მნიშვნელობაზე ვისაუბროთ, ისევე
როგორც ქურთისტანის მუშათა პარტიის შემთხვევაში.[14] ნაციონალისტური
რიტორიკა პატრიოტულ გრძნობებს აღვივებს ინდივიდებში, ახდენს მტრის ხატის დელიგიტიმაციას
და ჯგუფის ვიქტიმიზაციას. შედეგად სუიციდური თავდასხმა ისტორიული სამართლიანობის აღდგენისთვის
გამიზნულ ეფექტურ საშუალებად აღიქმება.
თვითმკვლელი ტერორისტის ერთგვაროვანი ფსიქოლოგიური
პორტრეტის განსაზღვრა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. თითოეულ შემთხვევაში ჩვენ
ვხვდებით სხვადასხვა ემოციების: სიამაყის, სიბრაზის, შურისგების სურვილის, უიმედობის,
ჯგუფის/ლიდერის/ოჯახისადმი ლოიალურობის ერთობლიობას. მათი თავდასხმები შემდეგ გზავნილს
გადასცემს საზოგადოებას : „ჩვენ შეიძლება ვიყოთ მატერიალურად სუსტი, მაგრამ ჩვენ უფრო
ძლიერი ვართ ვინაიდან სიკვიდლის არ გვეშინია“. [15]
ქალი თვითმკვლელი
ტერორისტები
ქალების ჩართულობა სუიციდურ თავდასხმებში განსაკუთრებულ
მნიშვნელობას იძენს საზოგადოდ დამკვიდრებული სტერეოტიპის გამო, რომლის მიხედვითაც ქალი
აღიქმება მშვიდობისმოყვარე არსებად. შესაბამისად დასავლურ სამყაროში ქალების მიერ განხორციელებული
სუიციდური თავდასხმა განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს და ასევე ემსახურება მებრძოლი
მხარის სასოწარკვეთის ხაზგასმას, ვინაიდან მიანიშნებს ვითარების იმგვარ გართულებაზე,
სადაც უკვე ქალები იბრძვიან მამაკაცების ნაცვლად.
ქალი თვითმკვლელი ტერორისტების საერთო მახასიათებლების
გამოკვეთაც სირთულესთან არის დაკავშირებული. მათ შორის ჩვენ ვხვდებით, როგორც მდიდრებს
ისე საშუალო კლასის წარმომადგენელს, ქვრივსაც და გაუთხოვარს, უმუშევრებს თუ ანაზღაურებად
მუშახელს. მიუხედავად იმისა, რომ სუიციდურ თავდასხმებში ქალის გამოყენება ახალი ფენომენი
არ არის, რიცხვობრივმა მაჩვენებლმა ბოლო ათწლეულში საგრძნობლად იმატა. პირველი სუიციდური
თავდასხმა ქალი ტერორისტის მიერ განხორციელდა 1985 წელს ისრაელში, სადაც 16 წლის გოგონას
მიერ საკუთარი თავის აფეთქებამ გამოიწვია ორი ჯარისკაცის სიკვდილი.[16] ამ
მოვლენის შემდეგ სუიციდურ ტერორიზმში ქალების ჩართულობა გაიზარდა ლიბანში, შრი ლანკაში,
ჩეჩნეთში, ისრაელსა და თურქეთში. თამილელი ვეფხვების მიერ ჩატარებული სუიციდური თავდასხმების
ერთი მესამედი, ხოლო 1995-1999 წლებში ქურთისტანის მშრომელთა პარტიის სუიციდური აქტის
2/3 ქალი თვითმკვლელი ტერორისტის მიერ იყო განხორციელებული[17].
ქალი თვითმკვლელი ტერორისტებიც წინა ქვეთავში
განხილული ინდივიდუალური მოტივებით მოქმედებენ. თუმცა რამდენიმე ასპექტი საჭიროებს
ყურადღების გამახვილებას. ქალი ტერორისტები მამაკაც თვითმკვლელ ტერორისტებთან შედარებით,
ნაკლებ ეჭვს იწვევენ საზოგადოებაში და უფრო მარტივად ახერხებენ სამიზნესთან მიახლოებას.
ამასთანავე მათი სამოსი ხელს უწყობს ასაფეთქებელი საშუალებების შენიღბვას. ოჯახის წევრების
დაკარგვა, როგორც მთავარი მოტივაცია მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ქალი ტერორისტების
ქმედებას. განსაკუთრებით ტრადიციულ საზოგადოებებში დაქვრივებული ქალი თავს გრძნობს
უიმედოდ და იზოლირებულად.[18]
2003 წელს 29 წლის პალესტინელმა მოსამართლემ თავი აიფეთქა ჰაიფას რესტორანში, 20 ადამიანი
იმსხვერპლა უფრო მეტი კი დაშავდა. ოჯახის წევრები ახალგაზრდა ქალის ამ გადაწყვეტილებას
ხსნიან შურისძიების სურვილით ისრაელის სამხედრო ძალების მიერ მისი ძმისა და საქმროს
მოკვლის გამო.[19]
ეს მხოლოდ ერთ-ერთი იმ შემთხვევათაგანია, როდესაც ახლობლის დაკარგვის შედეგად გამოწვეული
ემოცია უბიძგებს ინდივიდს გაიღოს თავისი სიცოცხლე შურისგების მიზნით.
ეს ტენდენცია
ასევე ადვილი შესამჩნევია ჩეჩენი თვითმკვლელი ქალი ტერორისტების მაგალითზე. კრემლში
მათ უწოდებენ „შავ ქვრივებს“.[20] მათ
გადაწყვეტილებას საკუთარი სიცოცხლე გაწირონ უმთავრესად საფუძვლად უდევს ქმრის, ძმების,
მამისა თუ შვილების რუსული სამხედრო ძალების მიერ მკვლელობა. ქალების მიერ ამ ტაქტიკით
მოქმედებას ასევე განაპირობებს კონკრეტული კულტურული ასპექტები. მაგალითად, ჩეჩნეთში
ქალთა ინტენსიური თანამონაწილეობას სუიციდურ თავდასხმებში აიხსნება აგრეთვე იმ გარემოებით,
რომ ქალებს არსებული კულტურული ნორმები უკრძალავს ჩვეულებრივ შეიარაღებულ დაპირისპირებაში
მონაწილეობას.[21]
დასკვნა
სუიციდური ტერორიზმის ფართო
გავრცელებასთან ერთად იზრდება ყურადღება იმ გარემოებების მიმართ, რაც უბიძგებს ადამიანებს
საკუთარი სიცოცხლე გამოიყენონ ბრძოლის იარაღად. საზოგადოდ გავრცელებული შეხედულება
თვითმკვლელი ტერორისტების ფსიქიკური თუ სოციალური მდგომარეობის შესახებ, არასაკმარისია
ახსნას იმ იმპულსების კომპლექსური ბუნება, რომელთა ერთობლიობაც სუიციდურ თავდასხმას
ტერორისტული ჯგუფებისთვის ბრძოლის ეფექტურ ტაქტიკად აქცევს.
წინამდებარე ნაშრომი მიზნად
ისახავდა განეხილა სუიციდური ტერორიზმის გავრცელების ხელშემწყობი ფაქტორები, როგორც
ორგანიზაციულ ისე პიროვნული დონეზე. პირველ რიგში სუიციდური თავდასხმების გამოყენება
ემსახურება იმ მიზნისთვის ლეგიტიმურობის მინიჭებას, რომლის მისაღწევადაც იბრძვის ტერორისტული
ჯგუფი. ბრძოლის რადიკალური ფორმის გამოყენება ეფექტურ ტაქტიკას წარმოადგენს მოწინააღმდეგის
დელიგიტიმაციისთვის, ვინაიდან ხაზს უსვამს, რომ მასთან ბრძოლის სხვა საშუალება, გარდა
საკუთარი სიცოცხლის მსხვერპლად შეწირვისა, ტერორისტულ ჯგუფს აღარ გააჩნია.
ჯგუფის წევრების გადაწყვეტილება საკუთარი სიცოცხლე
გაიღონ მსხვერპლად წარმოადგენს სამართლიანი ბრძოლის სიმბოლოს, ხელს უწყობს უფრო მეტი თანამოაზრის და პოტენციური თვითმკვლელი
ტერორისტის გამოჩენას და ტერორისტული ჯგუფისთვის
ფინანსური მხარდაჭერის მოზიდვის ეფექტური საშუალებაცაა.
სხვა აქტებისგან განსხვავებით,
სუიციდური თავდასხმის განხორციელება დაგეგმვის თვალსაზრისითაც უფრო მარტივია. თვითმკვლელი
ტერორიზმის წინასწარი განზრახვა, რაც შეიძლება დიდი მსხვერპლი გამოიწვიოს განსაკუთრებულ
დაუცველობასა და შიშს იწვევს საზოგადოებაში. მედიის ყურადღებაც მსგავს თავდასხმებს
გარანტირებული აქვს, რაც უფრო მასობრივს ხდის სუიციდური აქტით გამოწვეულ უიმედობას.
ორგანიზაციული მოტივები თვითმკვლელი
ტერორისტის პიროვნული მოტივებისგან დამოუკიდებლად სასურველ შედეგს ვერ განაპირობებს.
ინდივიდუალურ დონეზე არსებული უსამართლობის და შურისძიების განცდა, დაპირისპირების
შედეგად განცდილი პიროვნული დანაკარგი, მატერიალური სარგებლის მიღების სურვილი, რელიგიური
შეხედულებები სათანადო წინაპირობას ქმნის ტერორისტული ჯგუფის წევრის თვითმკვლელ ტერორისტად
გადაქცევისთვის. განსაკუთრებულ სასოწარკვეთაზე მიანიშიშნებს ქალების მსგავს ქმედებაში
ჩართულობა და საზოგადოებაში გამოწვეულ უიმედობას და შიშს ზრდის.
მოსაზრება, რომლის მიხედვითაც
მხოლოდ რელიგიური ჯგუფები (განსაკუთრებით ისლამის მიმდევრები) მიმართავენ მსგავს ტაქტიკას
ყურადღების მიღმა ტოვებს თამილელი ვეფხვების, ჩეჩენი სეპარატისტების, თურქეთში Kurdistan Workers Party-ს მიერ განხორციელებული სუციდურ თავდასხმებს. შედეგად უნდა მივიჩნიოთ,
რომ ტეორორისტულ ჯგუფში მსგავსი პრაქტიკის ფართოდ გავრცელების უზრუნველსაყოფად რელიგიური
მოტივების გარდა აღსანიშნავია ქარიზმატული ლიდერების მნიშვნელობა, რომლებიც ნაციონალური
სენტიმენტების მიზანმიმართულ გაღვივებას ემსახურებიან.
წინამდებარე ნაშრომმა კიდევ
ერთხელ წარმოაჩინა, რომ თვითმკვლელი ტერორისტებისთვის ზოგადი იარლიყის „ფსიქიურად ავადმყოფის“
მინიჭებით ყურადღების მიღმა რჩება ის მნიშვნელოვანი ასპექტები, რაც სუიციდური თავდასხმის ორგანიზაციულ და პიროვნულ
მოტივაციას წარმოადგენს. ამ ფაქტორების იდენტიფიცირება კი ხელს უწყობს სუიციდური ტერორიზმის
ფენომენის შესახებ სრულყოფილი სურათის შექმნას, რაც თავის მხრივ მის წინააღმდეგ ბრძოლის
წარმატებულობის უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს.
ბიბლიოგრაფია
Bloom,
Mia."Dying to kill: motivations for suicide terrorism" in Root causes
of Suicide Terrorism, ed. A. Pedahzur ,
New York : Routledge, 2006
Crenshaw, Martha “Explaining Suicide Terrorism: A Review Essay” Security Studies
16, no. 1 (January–March2007) http://www.surrey.ac.uk/politics/research/researchareasofstaff/isppsummeracademy/instructors%20/Explaining%20Suicide%20Terrorism.pdf
Cronin, Audrey K.
"Terrorists and Suicide Attacks." (Aug. 2003), CRS Report for Congress
Hassan, Riaz. "Global Rise
of Suicide Terrorism: An Overview." Asian Journal of Social Science 36
(2008): 271–291 http://www.riazhassan.com/archive/Global_Rise_of_Suicide_Terrorism.pdf
Hassan, Riaz“What
Motivates the Suicide Bombers?“ YaleGlobal, 3 September 2009
Kuntzel, Matthias "Suicide
Terrorism and Islam" American Foreign Policy Interests 30(2008):
227-232
Pape, Robert A. "The
Strategic Logic of Suicide Terrorism." The American Political Science
Review, Vol. 97, No. 3 (Aug. 2003): 343-361
Pedahzur, Ami. "Suicide
Terrorism", London :
polity Press, 2005
Zedalis Debra D. "Female suicide bombers ",
Strategic Studies Institute, June 2004 http://www.strategicstudiesinstitute.army.mil/pdffiles/pub408.pdf
Weinberg, Leonard and Ami Pedahzur „Suicide terrorism” University of Nevada and University
of Haifa . http://www.academia.edu/2274509/Suicide_Terrorism
[1]
Matthias Kuntzel „Suicide Terrorism and Islam“ American Foreign Policy Interests, 30: 227–232,
2008 გვ. 227
[2]
Debra D. Zedalis "Female
suicide bombers ", (June 2004), Strategic Studies Institute, გვ 2 http://www.strategicstudiesinstitute.army.mil/pdffiles/pub408.pdf (ბოლოს
ნანახია 09.01.2013)
[4]
Audrey Kurth Cronin.
"Terrorists and Suicide Attacks " გვ 3
[6] Leonard Weinberg and
Ami Pedahzur „Suicide terrorism”
University of Nevada and University
of Haifa . http://www.academia.edu/2274509/Suicide_Terrorism (ბოლოს ნანახია 09.01.2013) გვ 236
[8]
Riaz Hassan. "Global Rise of
Suicide Terrorism: An Overview." Asian Journal of Social Science 36
(2008), 274
http://www.riazhassan.com/archive/Global_Rise_of_Suicide_Terrorism.pdf (ბოლოს
ნანახია 09.01.2013)
[9]
Audrey Kurth Cronin.
"Terrorists and Suicide Attacks." (Aug. 2003), CRS Report for
Congress, გვ 9
[10]
Mia Bloom "Dying to kill:
motivations for suicide terrorism" მოცემულია: Root causes of Suicide Terrorism, ed. A.
Pedahzur (New York :
Routledge, 2006), გვ.26
[11]
Leonard Weinberg and Ami Pedahzur
„Suicide terrorism” University of Nevada
and University of
Haifa . http://www.academia.edu/2274509/Suicide_Terrorism (ბოლოს ნანახია 09.01.2013) გვ.239
[12] Audrey Kurth Cronin. "Terrorists
and Suicide Attacks." (Aug. 2003), CRS Report for Congress, გვ 10
[13]
Leonard Weinberg and Ami Pedahzur
„Suicide terrorism” University of Nevada
and University of
Haifa . http://www.academia.edu/2274509/Suicide_Terrorism (ბოლოს ნანახია 09.01.2013) გვ. 241
[14]
Robert A. Pape. "The Strategic Logic of Suicide
Terrorism." The American Political Science Review, Vol. 97, No. 3 (Aug.
2003), 343
[15] Martha Crenshaw “Explaining Suicide Terrorism: A Review Essay” Security
Studies 16, no. 1 (January–March 2007) http://www.surrey.ac.uk/politics/research/researchareasofstaff/isppsummeracademy/instructors%20/Explaining%20Suicide%20Terrorism.pdf (ბოლოს ნანახია 09.01.2013) გვ 141
[16]
Audrey Kurth Cronin.
"Terrorists and Suicide Attacks." (Aug. 2003), CRS Report for
Congress გვ.13
[18]
Debra D. Zedalis "Female
suicide bombers ", (June 2004), Strategic Studies Institute, გვ 18 http://www.strategicstudiesinstitute.army.mil/pdffiles/pub408.pdf (ბოლოს
ნანახია 09.01.2013)
[19] Riaz Hassan“What Motivates the Suicide Bombers?“ YaleGlobal, 3 September 2009
[21]
Audrey Kurth Cronin.
"Terrorists and Suicide Attacks." (Aug. 2003), CRS Report for
Congress გვ.14