Saturday, 2 March 2013

ისტორიის დასასრული - მითი თუ რეალობა?

მესამე ადგილი თსუ საერთასორისო ურთიერთობების მიმართულების      სტუდენტურ-სამეცნიერო კონფერენციაში


ავტორი: დავით ნოზაძე




შესავალი

მეორე მსოფლიო ომის დასრულებისა და გერმანული ნაციზმის საბოლოოდ დამარცხების შემდეგ მსოფლიოში იდეოლოგიური დაპირისპირების სიმძიმის ცენტრმა ყოფილ მოკავშირეებს შორის დაწყებული „ჩუმი ბრძოლის“ მიმართულებით გადაინაცვლა. ეს ყოფილი მოკავშირეები, რა თქმა უნდა, საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკათა კავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები იყვნენ, ხოლო ამ „ჩუმ ბრძოლას“, საბოლოო ჯამში, კაცობრიობამ ცივი ომი უწოდა. ის ფაქტი, რომ ამ დაპირისპირებამ დაწყებიდან რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვანწილად (თუ სრულად არა) განსაზღვრა მსოფლიო და საერთაშორისო პოლიტიკის განვითარება ეჭვს არ იწვევს, თუმცა ეს ამ ნაშრომის ძირითად ინტერესს არ წარმოადგენს. ბევრად უფრო საინტერესო წინამდებარე განხილვის კონტექსტში არის ის გავლენა, რაც ცივმა ომმა მოახდინა მთელ მსოფლიოზე და მის პოლიტიკურ აზროვნებაზე. ამ კონფლიქტმა მრავალ მნიშვნელოვან სფეროში მსოფლიოს დიხოტომიურ დაყოფას ჩაუყარა საფუძველი; უფრო მარტივად რომ ვთქვათ გარკვეული დროის განმავლობაში მსოფლიო წითლებად და არაწითლებად, კომუნისტებად და ლიბერალებად დაიყო. საკითხი იმდენად მნიშვნელოვანი იყო და საფრთხე კი იმდენად რეალური, რომ აღნიშნულ პერიოდში სხვა სახის განსხვავებები მსოფლიოს მასშტაბით პრაქტიკულად სრულად გადაიფარა.
 ბოლოს და ბოლოს, როგორც ალბათ ყველას კარგად ახსოვს, კომუნიზმი ამ დაპირისპირებაში დამარცხდა ( იყო ეს აშშ-ს დამსახურება, თუ კომუნიზმის საბჭოური ინტერპრეტაციის უპერსპექტივობის შედეგი ეს ცალკე საკითხია). საბჭოთა კავშირმა და მისმა იდეოლოგიამ ძველი ფორმით არსებობა შეწყვიტა.ასეთმა მოულოდნელმა დასარულმა შედეგად მოგვცა ის, რომ პოსტსაბჭოური რესპუბლიკების დიდი ნაწილი ევროპული ოჯახისა და შესაბამისად ლიბერალური დემოკრატიისაკენ გაეშურა. ერთი სიტყვით, მსოფლიოში ლიბერალურ-დემოკრატიულ ან ასეთი მმართველობის ფორმის მოსურნე სახელმწიფოთა რიცხვი გაიზარდა.
ამ ყველაფერმა ბევრ ადამიანს აფიქრებინა, რომ იმ დაპირისპირების დამთავრების შემდეგ,  რომელიც  უთუოდ ძალიან მნიშვნელოვანი იყო მეოცე საუკუნის ისტორიაში, ლიბერალურ დემოკრატიას უბრალოდ აღარ დარჩა მეტოქე, რომელთანაც სერიზოული ბრძოლა დასჭირდებოდა პირველობისათვის.
ამ ადამიანთა შორის ყველაზე უფრო ცნობილი თავისი ფილოსოფიით და ნააზრევით ალბათ მაინც ამერიკელი მეცნიერი ფრენსის ფუკუიამაა. მის  ყველაზე ცნობილ წიგნს კი „ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი“ ჰქვია. აღნიშნულ ნაშრომში ფუკუიამა გამოთქვამს აზრს, რომ ლიბერალური დემოკრატიის, კაპიტალიზმის და ცხოვრების დასავლური წესის მთელ მსოფლიოში გავრცელება წარმოადგენს ისტორიის დასასრულს და ლიბერალური დემოკრატიის მმართველობის უპირატეს ფორმად ჩამოყალიბებას მოასწავებს[1]. ამ წიგნმა ფუკუიამას დიდი პოპულარობა მოუტანა და დღემდე ითვლება მის ყველაზე მნიშვნელოვან ნაშრომად.
წიგნის წინამორბედი სტატია „ისტორიის დასასრული?“ 1989 წელს გამოქვეყნდა ჟურნალ The National Interest-ში. წიგნი მხოლოდ სამი წლის  შემდეგ გამოვიდა და სტატიის შინაარსი განავრცო[2].
სტატია ჟურნალის ზაფხულის გამოცემაში დაიბეჭდა და მაშინვე კრიტიკის იმდენად სერიოზული ქარცეცხლი დაატყდა თავს, რომ უკვე ზამთრის გამოცემაში ფუკუიამას ახალი სტატიის გამოქვეყნება დასჭირდა, რომელშიც თავის კრიტიკოსებს პასუხობდა. პირველ რიგში ის აყენებდა საკითხს, რომ სტატიის სათაურიც კი არასწორად იქნა გაგებული. ფუკუიამა მიგვითითებს, რომ მისი ტერმინი „ისტორია“ ჰეგელიანურია და იგი არ არის პირდაპირი მნიშვნელობის. მოკლედ რომ ვთქვათ, ავტორის განმარტებით, ისტორიის დასასრული იმას კი არ ნიშნავს, რომ  ლიბერალური დემოკრატიის გამარჯვება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოში აღარაფერი აღარ მოხდება, არამედ იმას, რომ კაცობრიობამ თავისი სოციო–კულტურული განვითარება დაასრულა და მივიდა მმართველობის იდეალურ მოდელამდე, რომლის შემდგომი განვითარებაც უბრალოდ არარეალურია[3] (ეს ფუკუიამას მოსაზრების მთავარი იდეაა, შესაბამისად ოდნავ ქვემოთ მას ისევ დავუბრუნდებით). კრიტიკოსები კიდევ ბევრი სხვა მიმართულებით უტევდნენ ამერიკელ მეცნიერს და იგი იძულებული იყო თანდათანობით ყველას გამოხმაურებოდა.
ამ ნაშრომში ჩვენ არ განვიხილავთ ფუკუიამას მოსაზრებების თითოეულ კონტრარგუმენტს (ამას ალბათ ერთი სქელტანიანი წიგნიც არ ეყოფა), არამედ ავარჩევთ რამოდენიმე შენიშვნას, რომელიც ყველაზე უფრო ხშირად ისმის ხოლმე ფუკუიამას ჰიპოთეზის მიმართ და განვიხილავთ მათზე ავტორის პასუხებს, რითაც ვეცდებით დავადგინოთ, თუ რამდენად დამაჯერებელია იგი და რამდენად შეუძლია თვით ყველაზე უფრო გავრცელებული კრიტიკის მოგერიება. უფრო ზუსტად რომ ჩამოვაყალიბოთ, ამ ნაშრომის მიზანია დაადგინოს  ნამდვილად დადგა თუ არა ისტორიის დასასრული 90–იანი წლების დასაწყისში.
ძირითადი კითხვები
ფუკუიამას მიმართ ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვები იწყება თავად ისტორიის დასასრულის ცნების თავისებური გაგებით, რომელიც თავის მხრივ ავტორს ჰეგელისგან აქვს „ნასესხები“ და რომელზე დავაც ალბათ დაუსრულებელი იქნება. ეს შეკითხვები ასევე მოიცავს ხოლმე თანამედროვეობაში წინ წამოწეული და აღზევებული არადემოკრატიული ძალების საკითხსაც. იმ პერიოდში, როდესაც სტატია გამოქვეყნდა და წიგნი გამოიცა, ცივი ომის მიერ დაჩრდილული მთელი რიგი ძალები ჯერ კიდევ არ გამოიყურებოდნენ ისე საშიშად, როგორც დღეს, მეტიც, ბევრმა მათგანმა სწორედ მაშინ დაიწყო განვითარება. მათ შორის ყველაზე გამოკვეთილნი არიან: ჩინეთი, რუსეთი და ისლამური ფუნდამენტალიზმი.
განვიხილოთ ზემოთ ჩამოთვლილი თითოეული შეკითხვა ცალ–ცალკე:

ლიბერალური დემოკრატია როგორც იდეალი

პირველ რიგში დავიწყოთ იმ იდეიდან, რომ ლიბერალური დემოკრატია მმართველობის სისტემათა განვითარების აპოგეა და ევოლუციის უკანასკნელი საფეხურია. ესეც კი (რაც ფუკუიამას ყველაზე ფუნდამენტური იდეაა) იწვევს ეჭვს. ორი აზრი არ არსებობს, რომ მმართველობის აღნიშნული მოდელი ბევრად უკეთესია, ვიდრე რომელიმე მის წინ არსებული და ბევრად უკეთ ასახავს და გამოხატავს თითოეული ინდივიდის სურვილებს. ამ დადებით თვისებებზე კამათი შეუძლებელია. მაგრამ ნუ დავივიწყებთ იმასაც, რომ ერთი- ამ მოდელის განხორციელება მისი იდეალური მნიშვნელობით არც ერთ სახელმწიფოში ჯერ არ მომხდარა და მეორე, რომ იმ სახელმწიფოებშიც კი, რომლებშიც ლიბერალური დემოკრატია ყველაზე უფრო მყარადაა დანერგილი და რომლებიც ამ ეტაპზე მსოფლიოსათვის მისაბაძ მაგალითებს წარმოადგენენ, მაინც არსებობს გარკვეული პრობლემები სისტემის მოუქნელობასთან დაკავშირებით. შეიძლება ითქვას, რომ ლიბერალური დემოკრატიებიც კი ვერ ახერხებენ მაღალი ხარისხით დაიცვან უმცირესობების უფლებები და მათი ინტერესები სათანადო დონეზე გაატარონ. ამის მაგალითია რასიზმის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი ისეთ მრავალკულტურულ და რაც მთავარია დემოკრატიულ ქვეყანაშიც კი, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია.ცალკე პრობლემაა ისიც, რომ სახელმწიფო მმართველობის თითქმის ყველა სისტემა, რომელიც დღემდეშექმნილა, აწყობილია უმრავლესობის უპირატესობის იდეაზე, რაც გამოიხატება თვით ყველაზე დემოკრატიულ და გამჭვირვალე არჩევნებშიც. ამის კარგი მაგალითია საპრეზიდენტო არჩევნები მთელ რიგ საპრეზიდენტო რესპუბლიკებში. აქ პრეზიდენტის ძალაუფლება გამომდინარეობს ხალხის უმრავლესობის გადაწყვეტილებიდან (რაც შეიძლება 51% იყოს 49-ის წინააღმდეგ), ეს კი იმას ნიშნავს, რომ უმცირესობა გარკვეულწილად დაჩაგრულია. ეს ბუნებრივია არ ნიშნავს, რომ მათ რაიმე უფლება აქვთ წართმეული, უბრალოდ აშკარაა, რომ გარკვეული განსხვავება მაინც არსებობს.
ეს მოსაზრება არ უნდა გავიგოთ, როგორც ლიბერალური დემოკრატიის წინააღმდეგ გალაშქრება, ეს არის უბრალო შენიშვნა, რომ მმართველობის არც ეს მოდელი არ არის უპირობოდ იდეალური, შესაბამისად a priori იმის მტკიცება, რომ მისი გაუმჯობესება შეუძლებელია ფუკუიამას თეორიის ერთ-ერთ სისუსტედ შეიძლება ჩაითვალოს. ნუ დავივიწყებთ, რომ მეცნიერთა მთელ თაობას XX  საუკუნის დასაწყისში ეგონა, რომ მსოფლიომ ტექნოლოგიური განვითარების პიკს მიაღწია და უკვე სერიოზული წინსვლა შეუძლებელი იყო, მსგავსი მაგალითები ბევრზე ბევრია. ყოველთვის ძნელი იყო და ალბათ იქნება კიდეც მომავლის განჭვრეტა, შესაბამისად მმართველობის ერთი რომელიმე მოდელის საუკეთესოდ, იდეალურად და შეუცვლელად გამოცხადება დასაწყისშივე გარკვეულწილად ავანტიურა იყო.

ჩინეთის აღზევება

ჩინეთის განვითარება 80-იანი წლების ბოლოდან დაიწყო. რეფორმის ლიდერების სლოგანი ასეთი იყო: „ვის ადარდებს კატა შავია თუ თეთრი, თუ ის თაგვებს იჭერს“.  ისინი თავიდანვე, მაო ძედუნისგან გასხვავებით, გარკვეულწილად გაემიჯნენ იდეოლოგიას და გააერთიანეს ძალები ჩინეთის აღორძინებისათვის. ამას მოჰყვა რეფორმები სოფლის მეურნეობაში დაინდუსტრიალიზაცია[4]. აქვე უნდა გავამხვილოთ ყურადღებაიმაზეც, რომ ის საფრთხე, რომელიც ლიბერალურ დემოკრატიას შეიძლება ემუქრებოდეს აზიის გიგანტის განვითარებით სულაც არ ატარებს იდეოლოგიურ ხასიათს, ასე რომ ჩინეთის ერთპარტიული სისტემა სულაც არ არის რეალური პრობლემა. ჩინეთმა უკვე დიდი ხანია უგანა კომუნიზმის უმთავრეს დასაყრდენს, გეგმიურ ეკონომიკას, როცა თავისუფალ ბაზარზე გადაწყვიტა გამოსვლა. მისი ძლიერებაც სწორედ ეკონომიკაში მდგომარეობს. მოვიხმოთ ციფრები. ჩინეთის ეკონომიკის ზრდის საშუალო ტემპი 30 წლის განმავლობაში 10%-ია, რაც მას დღეისათვის ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად აქცევს მსოფლიოში[5]. ჩინეთი მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობით მეორეა მსოფლიოში აშშ-ს შემდეგ  8,25 ტრილიონი დოლარით. ის ასევე არის მსოფლიოს უდიდესი ექსპორტიორი და სიდიდით მეორე იმპორტიორი. გარდა ამისა მნიშვნელოვანია  აღვნიშნოთ, რომ ჩინეთის სამუშაო ძალა 795 მილიონ ადამიანს შეადგენს, რაც კოლოსალური მაჩვენებლია და მსოფლიოში ანალოგი არ აქვს[6]. ამ მაჩვენებლებით აშკარაა, რომ ჩინეთი ნაბიჯ-ნაბიჯ მიემართება მსოფლიო ჰეგემონობისკენ(მისი განვითარების ვადები გარკვეულწილად ეხმიანება ჯოშუა გოლდსტაინის გრძელი ციკლების თეორიას[7], თუმცა იმედია დასასრული წინასწარმეტყველების მსგავსად ტრაგიკული არ იქნება J). მას დღესაც გააჩნია ძალიან დიდი ძალაუფლება, არის რა გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრიდან ერთ-ერთი, რაც ანიჭებს მას ვეტოს უფლებას და მსოფლიო პოლიტიკური ამინდის განსაზღვრის მნიშვნელოვან ბერკეტებს აძლევს.
დავუბრუნდეთ ჩინეთის ეკონომიკას და მოვიყვანოთ ერთი პატარა მაგალითი. არავისთვისაა საიდუმლო, რომ ჩინეთი ფალსიფიცირებული პროდუქციის უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში. გარდა იმისა, რომ ბევრი კომპანია თავისი პროდუქციისათვის საჭირო ნაწილებს ამზადებს ჩინეთის ტერიტორიაზე, ასევე აქ გახსნილია საწარმოები, რომლებიც ყოველგვარი ლიცენზიისა და საავტორო უფლებების დაცვის გარეშე ამზადებენ პროდუქციას.ეს ბიზნესი არ შემოიფარგლება წვრილი პროდუქციით. აქ შეხვდებით ყალბი iPhone-ით დაწყებული და ასევე ყალბი BMW X5-ით დამთავრებული ყველაფერს. იცვლება მხოლოდ სახელწოდებები, იგივერჩებადიზაინიხოლო ხარისხი (და შესაბამისად ფასიც) შედარებით დაბალია[8].მაგრამ, რა შუაშია აქ ეს მაგალითი? არაერთი საკმაოდ სერიოზული ტრანსნაციონალური კორპორაციის წარმომადგენლობა უჩივის ჩინურ „იატაკქვეშა“ კომპანიებს საავტორო უფლებების დარღვევის გამო, თუმცა ქვეყნის მთავრობა თავდებში უდგება ამ კომპანიებს, რომ ისინი კანონს არ არღვევენ, რის გამოც საქმეები ბოლოს ჩიხში შედის. რატომ ხდება ეს? ჩინეთის ხელისუფლება კარგად იყენებსთავის ძალაუფლებას ხვდება რა, რომ ასეთი „უმნიშვნელო“ საკითხების გამო მასთან დაპირისპირებასსახელმწიფოები თავს აარიდებენ. სწორედ აქ ჩნდება ეჭვი - თუკი ჩინეთის ძალაუფლება იზრდება, და მიუხედავად იმისა, რომ დღეს მას აქვს ახლო ურთიერთობა ბევრ განვითარებულ სახელმწიფოსთან, მაინც არ იცავს მათ მიერ შემუშავებულ უამრავ კანონს, ხომ არ მოხდება ისე, რომ როდესაც მისი ძალაუფლება იმდენად გაიზრდება, რომ შეძლებს ჩაანაცვლოს ამერიკა (რომლის ძალაუფლების კლებაზე მსოფლიო პოლიტიკური მოაზროვნეების დიდი ნაწილი თანხმდება) ჰეგემონის ტახტზე, იგი შეცვლის მსოფლიოში გამეფებულ ორიენტირს? ცნობილი ფაქტია, რომ ახალი ჰეგემონი სისტემას ყოველთვის თავის მოთხოვნილებებს არგებს ხოლმე, თუმცა ცდილობს გაითვალისწინოს სხვა მოთამაშეების ინტერესებიც. გამომდინარე იქიდან, რომ ჩინეთი უკვე დღესაც ერთ-ერთი ყველაზე  სწრაფად მზარდი ბაზარია, რომელზეც სხვადასხვა პროდუქციაზე მოთხოვნა პირდაპირი მნიშვნელობით ყოველწამიერად იზრდება, შეიძლება მისი აღზევების ხანაში იგი იმდენად „საჭირო“ იყოს ბევრი სახელმწიფოსათვის, რომ ლიბერალური დემოკრატიიდან გადახვევას შეეგუონ კიდეც (კვლავაც შეგახსენებთ ჩინეთი ერთპარტიულ ქვეყანაა).ამ მხრივ ფუკუიამას კონტრარგუმენტი, რომ მიუხედავად ავტორიტარიზმის ზრდისა ჩინეთსა და რუსეთში, ლიბერალიზმი კვლავაც არის და დარჩება კიდეც განმსაზღვრელ ძალად მსოფლიოში ცოტა არასერიოზულია.[9]

რუსეთი

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის სვლის საყოველთაოდ დეკლარირებული კურსი დემოკრატია იყო. რუსეთი არწმუნებდა და დღესაც არწმუნებს მთელ მსოფლიოს დემოკრატიული იდეალებისადმი თავის ერთგულებაში. სამწუხაროდ რეალური სიტუაცია ოდნავ სხვაგვარია. 90-იანი წლების დასაწყისიდანვე აშკარად ჩანდა, რომ რუსეთმა საბჭოური „მავნე ჩვევები“ ვერ მოიშორა. განსაკუთრებით ეს იმპერიალიზმს ეხება.  ორი ათწლეულის განმავლობაში რუსეთი ყველანაირად ცდილობდა საბჭოთა კავშირის ყოფილ ტერიტორიებზე  როგორც მინიმუმ გავლენის აღდგენას (თუ დაპყრობას არა), ეს კი დემოკრატიის შუქურის დამახასიათებელი თვისება ნამდვილად არ არის. რუსეთს ასევე სულ უფრო ხშირად სდებენ ბრალს მმართველობის ავტორიტარული სტილის დამკვიდრებაში. მოკლედ, ვთანხმდებით, რომ რუსეთი სულ მცირე მწყრალად არის ლიბერალურ დემოკრატიასთან.
მიუხედავად ამისა, ვერ ვიტყვით , რომ რუსეთის  ძალაუფლება მცირეა. ის ტერიტორიით მსოფლიოს ნომერ პირველი ქვეყანაა, რასაც შესაბამისად „კომპლექტში“ მოსდევს ისეთი პრივილეგიები, როგორიცაა ძვირფას რესურსებზე კონტროლი და ზოგადად ძალაუფლება. რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში სსრკ-ს ადგილიც დაიკავა, რაც კიდევ უფრო ზრდის მის შესაძლებლობებს. ცნობილია მისი აშშ-სთან დაპირისპირების ამბავიც და ამბიცია, იყოს თუ მასზე ძლიერი არა, მისი საპირწონე მაინც. ამრიგად, ამ ძალის დროზე ადრე ჩამოწერა ფუკუიამას კიდევ ერთი შეცდომაა. სანამ რუსეთი თავისი იმპერიული ზრახვების ერთგულია და ამ ერთგულების ძალაც შესწევს, ლიბერალური დემოკრატიის გამარჯვება სრული არასდროს იქნება.

ისლამური ფუნდამენტალიზმი - კიდევ ერთი მეტოქე

ფუკუიამაც კი აღიარებს, რომ ლიბერალური დემოკრატიის ყველაზე დიდ მეტოქედ სწორედ ისლამი შეიძლება ჩაითვალოს. მიუხედავად ამისა ამბობს, რომ ისლამის გავლენის გავრცელება არაისლამურ ქვეყნებს გარეთ არარეალურია და რომ თეოკრატიული ტიპის მმართველობა (უმთავრესად ისლამში ფუკუიამა ირანს მოიაზრებს) მომაკვდავი დინოზავრია და რომ იგი ან შეიცვლება, ან სახელმწიფოს დეზინტეგრაციას მოიტანს შედეგად[10].  ეს საკითხიც ძალიან საკამათოა. დავის საგანი ის კი არაა, რომ ისლამი ისე ვერ გავრცელდება, როგორც დემოკრატია, არამედ ის, რომ მისი არსებობა არც ისე მყიფეა, როგორც ფუკუიამას ეჩვენება. ისლამური გადატრიალების შემდეგ ირანი ფეხზე საკმაოდ მყარად დგას და დეზინტეგრაციისა არაფერი ეტყობა, ამავე დროს კი არაბული გაზაფხულის შედეგად ზოგიერთი სახელმწიფოს სათავეში კვლავაც ისლამისტები აღმოჩნდნენ. ერთი სიტყვით ფუკუიამას სკეპტიკური დამოკიდებულება ისლამის სიცოცხლისნუარიანობისადმი უადგილოა. ის უბრალოდ ვერ აფასებს ზოგადად რელიგიის ძალას და რაც ყველაზე მთავარია მის მნიშვნელობას. ეს უდაოდ დიდი შეცდომაა, რადგან ისლამი ყოველთვის ახერხებდა განესაზღვრა ცხოვრების მიმდინარეობა  დასავლეთ აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. ისლამურ ექსტრემიზმს შეიძლება დიდი მომავალი არც გააჩნდეს, მაგრამ ფუნდამენტალისტურ ისლამთან (რომელიც დასავლური ლიბერალიზმისგან დიდად განსხვავდება) „კოაბიტაცია“ ლიბერალიზმს სავარაუდოდ კიდევ დიდხანს მოუწევს J.
დასკვნა
ზემოთ ჩამოთვლილი არგუმენტები მხოლოდ მცირედია კრიტიკის იმ მიმართულებებიდან, რომელიც ფრენსის ფუკუიამას სტატიას მოჰყვა. მიუხედავად ამისა ის მაგალითები, რომლებიც ამ ნაშრომშია წარმოდგენილი და კიდევ ბევრი ისეთი, რომელზეც არ გვისაუბრია, გვაძლევენ საშუალებას ვთქვათ, რომ ფუკუიამას „ისტორიის დასასრულმა“ თავისი დრო უკვე მოჭამა. ის შეიძლება მომხიბლავი იყო კიდეც კომუნიზმის კოლაფსის პირველ წლებში, თუმცა უკვე მაშინ ჩანდა ბევრი შეუსაბამობა. დღეისათვის კი, როცა კომუნიზმი ძველი, საბჭოური ფორმებით უკვე დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა,როდესაც მსოფლიოში არაერთი ახალი იდეა არსებობს და როდესაც თვით ყველაზე განვითარებული და დემოკრატიული ქვეყნებიც კი არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან, ლიბერალიზმის უპირობო გამარჯვებაზე საუბარი უკვე დროებასთან შეუსაბამოა.




                                      გამოყენებული ლიტერატურა
1.      Central Intelligence Agency, 2013. The World Factbook, China. Home page Online. Internet: https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/ch.html Retrieved 2013-02-22
2.      Elisabeth J. Perry (Editor), Christine Wong (Editor) (1985).Political Economy of Reform in Post-Mao China.Harvard University Press.
3.      Fukuyama, Francis. 1989,  A Reply to My Critics, The National Interest,  No.16, Winter 1989-90
4.      Fukuyama, Francis. They Can Only Go So Far. The Washington Post, August 24, 2008
5.      Goldstein, Joshua. 1988. Long Cycles: Prosperity and War in the Modern Age. New Haven, Yale University Press.
6.      International Monetary Fund, "Report for Selected Countries and Subjects". 2006-09-14. Home page online, internet: http://www.imf.org/external/pubs/ft/weo/2011/02/weodata/weorept.aspx?sy=1980&ey=2016&sort=country&ds=.&br=1&pr1.x=40&pr1.y=0&c=924&s=NGDP_RPCH%2CPPPPC&grp=0&a= Retrieved 2012-02-28
7.      Marquez, Patricia. 2011. Trademark: A Comparative Look at China and the United States, TOURO INTERNATIONAL LAW REVIEW, Volume 14, No. 2 2011.
8.      Thies, Clifford (2011-06-24) The End of Hystery? Francis Fukuyama's Review of The Constitution of Liberty, Mises Institute
9.      Wikipedia, the Free Encyclopedia. 2013. The End of History and the Last Man, Wikipedia Online, internet: http://en.wikipedia.org/wiki/The_End_of_History_and_the_Last_Man, Retrieved 22 February, 2013







[1] Thies, Clifford (2011-06-24) The End of Hystery? Francis Fukuyama's Review of The Constitution of Liberty, Mises Institute
[2] Wikipedia, the Free Encyclopedia. 2013. The End of History and the Last Man, Wikipedia Online, internet: http://en.wikipedia.org/wiki/The_End_of_History_and_the_Last_Man, Retrieved 22 February, 2013
[3] Fukuyama, Francis. 1989,  A Reply to My Critics, The National Interest,  No.16, Winter 1989-90
[4] Elisabeth J. Perry (Editor), Christine Wong (Editor) (1985).Political Economy of Reform in Post-Mao China.Harvard University Press.ISBN 0-674-68590-3.
[5] International Monetary Fund, "Report for Selected Countries and Subjects". 2006-09-14. Home page online, internet: http://www.imf.org/external/pubs/ft/weo/2011/02/weodata/weorept.aspx?sy=1980&ey=2016&sort=country&ds=.&br=1&pr1.x=40&pr1.y=0&c=924&s=NGDP_RPCH%2CPPPPC&grp=0&a= Retrieved 2012-02-28
[6] CIA,2013. The World Factbook, China.Home page Online. Internet: https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/ch.html Retrieved 2013-02-22
[7] Goldstein, Joshua. 1988. Long Cycles: Prosperity and War in the Modern Age. New Haven, Yale University Press.
[8] Marquez, Patricia. 2011. Trademark: A Comparative Look at China and the United States, TOURO INTERNATIONAL LAW REVIEW, Volume 14, No. 2 2011.
[9] Fukuyama, Francis. They Can Only Go So Far. The Washington Post, August 24, 2008
[10] Fukuyama, Francis. 1989,  A Reply to My Critics, The National Interest,  No.16, Winter 1989-90

No comments:

Post a Comment