Saturday, 2 March 2013

სუიციდური ტერორიზმის ორგანიზაციული და ინდივიდუალური მოტივები


ავტორი: თამარ ურუშაძე

შესავალი

   უკანასკნელ ათწლეულებში სუიციდური ტერორიზმის გლობალურ ფენომენად გადაქცევის შეუქცევადი ტენდენცია შეინიშნება. ტერორისტული ჯგუფების მიერ სუიციდური თავდასხმების ინტენსიური გამოყენება ბრძოლის ამ ტაქტიკას მეცნიერული ინტერესესის საგნად აქცევს. მიუხედავად იმისა, რომ სუიციდური თავდასხმა სიახლეს არ წარმოადგენს, მისი ფართოდ გავრცელება განსაკუთრებულად შემაშფოთებელია დღეს, ვინაიდან უძველესი დროიდან არსებულ თვითშეწირვის სურვილს  ემატება მასშტაბური ზიანის მომტანი თანამედროვე ტექონოლოგიები. 
     ტერორიზმთან ბრძოლის წარმატებულობა პირდაპირ არის დაკავშირებული იმ ასპექტების იდენტიფიცირებასთან, რაც კონკრეტულ ჯგუფსა თუ ინდივიდს ტერორისტული აქტის განხორციელებისკენ უბიძგებს. თანამედროვე სუიციდური ტერორიზმი სცდება რომელიმე კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალსა თუ კულტურას/რელგიას. ეს კი თავის მხრივ განაპირობებს ამ ფენომენის კომპლექსურად შესწავლის საჭიროებას. თვითმკვლელი ტერორისტების მოტივების გაიგივება იმედგაცრუებასა და სასოწარკვეთილებასთან დამაჯერებლობას მოკლებულია ამ ტაქტიკის სწრაფად გავრცელებადი ბუნების ახსნისას და მის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგიანობასაც ამცირებს.
     სუიციდური თავდასხმა შეიძლება მოვაქციოთ ალტრუისტური თვითმკვლელობის კატეგორიაში, სადაც საკუთარი სიცოცხლე გამოიყენება კოლექტიური ინტერესის (რელიგიური, პოლიტიკური თუ სხვა სახის) უზრუნველსაყოფად. თვითმკვლელი ტერორისტის შეჩერებაც განსაკუთრებულად რთულდება, რადგან ის თავისუფალია ადამიანისთვის დამახასიათებელი უმთავრესი ბუნებრივი ინსტიქტისგან - თვითგადარჩენის სურვილისგან.[1]
    წინამდებარე ნაშრომი მიზნად ისახავს გამოიკვლიოს ორგანიზაციულ და ინდივიდუალურ დონეზე არსებული მოტივები, რაც ხელს უწყობს სუიციდური ტერორიზმის პრაქტიკის გავრცელებას ტერორისტულ ორგანიზაციებში. ჩვენ შევეცდებით პასუხი გავცეთ კითხვას თუ, რატომ ანიჭებენ ტერორისტული ორგანიზაციები სუიციდური თავდასხმას უპირატესობას სხვა აქტებთან მიმართებით და რატომ ცდილობენ მის აქტიურ დანერგავას თავიანთი საქმიანობის ფარგლებში. ხოლო მეორე საკვლევი კითხვა შეეხება უშუალოდ თვითმკვლელი ტერორისტების ინდივიდუალურ მოტივებს, რაც განაპირობებს მათ გადაწყვეტილებას გამოიყენონ საკუთარი სიცოცხლე ბრძოლის იარაღად. ინდივიდუალური მოტივების განხილვისას ჩვენ ცალკე შევეხებით ქალი თვითმკვლელი ტერორისტების ფენომენს, ვინაიდან მათი სუიციდურ ტერორიზმში ჩართულობას განსაკუთრებულ ემოციური დატვირთვა აქვს სამიზნე აუდიტორიისთვის.

სუიციდური ტერორიზმი: ისტორიული მიმოხილვა

    სუიციდური ტერორიზმის დეფინიციის ჩამოყალიბება მისი შესწავლისთვის საჭირო მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. ტერორიზმთან დაკავშირებული სხვა ტერმინების მსგავსად, არც მისი საყოველთაოდ გაზიარებული დეფინიცია არსებობს. კვლევის ფარგლებში ჩვენ სუიციდურ ტერორიზმს განვსაზღვრავთ, როგორც ტერორისტულ აქტს, რომლის „წარმატება“ დამოკიდებულია თავდამსხმელის სიკვდილზე და მან ამის შესახებ წინასწარ იცის.[2] როგორც ამი პედაზჰური განმარტავს, „სუციციდური ტერორიზმი მოიცავს კონკრეტული ადამიანების მიერ განხორციელებულ სხვადასხვა ძალადობრივ ქმედებას, სადაც მათ წინასწარ იციან, რომ გადარჩენის ალბათობა უტოლდება ნულს“[3]
     სუიციდური თავდასხმა შეიძლება მივიჩნიოთ თანამედროვე საშუალებად, რომელსაც ძველ დროში აქვს მყარი საფუძვლები. თანამედროვე თვითმკვლელი ტერორისტებისგან განსხვავებით ძველად ჯგუფებს არ ჰქონდათ ის ტექნოლოგიური ექსპერტიზა, რომელიც დღესდღეობით განაპირობებს ზიანის მასშტაბურობას და არც მედია საშუალებები, რომელთა დახმარებითაც შეძლებდნენ საყოველთაო შიშის დანერგვას. მიუხედავად ამისა, მათ ამჟამინდელ თვითმკვლელ ტერორისტებთან აკავშირებდათ წინასწარგანზრახული თვითშეწირვა სამოქალაქო თუ სამხედრო სამიზნეების განადგურებისას სიმბოლური ეფექტის მისაღებად.[4]
     რ. ჰასსანი პირველ ჯგუფად, რომელიც მიმართავდა ბრძოლის ამ ტაქტიკას მიიჩნევდა ზილოტების (იგივე სიკარების) ებრაულ სექტას, რომელიც მოქმედებდა რომაელების მიერ ოკუპირებულ იუდეაში.[5] XI-XIIIს-ში ასასინების შიიტური დაჯგუფებაც ამზადებდა  წევრებს სიკვდილისთვის თავდასხმის განხორციელებისას. ისინი მიზნად ისახავდნენ ისლამური სამყაროს გაწმენდას უმთავრესად სუნიტ ლიდერებზე თავდასხმის გზით. თავდასხმის წარმატებულად განხორციელების შემდეგ „წმინდა მებრძოლები“ ვალდებული იყვნენ ადგილზევე დარჩენილიყვნენ და თვითმხილველთათვის მიეცათ საშუალება მოეკლათ იგი.   
      მე-19 საუკუნეში რუსეთში მოქმედი ანარქისტული ჯგუფები მტრის გასანადგურებლად და დასაშინებლად იყენებდნენ სუიციდურ თავდასხმებს. მათთვის ხელმისწავდომი საშუალებები - იარაღი, რომლიდანაც ახლო დისტანციიდან გასროლა იყო შესაძლებელი და ყუმბარა, რომელიც ასევე ახლო მანძილიდან უნდა ეტყორცნათ - საჭიროებდა მებრძოლეების მიერ საკუთარი სიცოცხლის შეწირვას მკვლელობის წარმატებულად განხორციელებისათვის.[6] მათი აზრით, თავის შეწირვით ისინი ლეგიტიმურობას მატებდნენ დასახულ მიზანს და ხელს უწყობდნენ უფრო მეტი თანამოაზრის გაჩენას მათ რიგებში.
   1983 წლის მოვლენებს სუიციდური ტერორიზმის გავრცელების წახალისებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებათ. ამერიკის და საფრანგეთის საელჩოში დანაღმული სატვირთო მანქანებით განხორციელებული თავდასხმა ერთ-ერთ ამ მოვლენათაგანია. უფრო კონკრეტულად სუიციდური ტერორიზმის თანამედროვე ტალღის დასაწყისად ა.კ. კრონინი მიიჩნევს 1983 წელს აშშ-ს საზღვაო ბარაკებზე სუიციდურ თავდასხმას დანაღმული სატვირთო მანქანით. ამ აქტის შედეგად დაიღუპა 241 ჯარისკაცი, ხოლო დაშავდა 100-ზე მეტი. იმავე დროს განხორციელებულმა თავდასხმამ ფრანგ სამშვიდობოებზე 58 სამხედრო იმსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. ამ მოვლენების  შედეგ ფრანგული და ამერიკული შენაერთების მიერ ლიბანიდან გასვლა ტერორისტული ჯგუფების მხრიდან ღქმულ იქნა სუიციდური თავდასხმის ეფექტურობად.[7]
     როგორც წინამდებარე მიმოხილვამ წარმოაჩინა, სუიციდური თავდასხმის ტექნიკა ისტორიულად უცხო არ ყოფილა კონკრეტული მიზნისთვის მებრძოლი ჯგუფებისთვის. თუმცა ექსპერტების მიერ, 1983 წლის ბეირუთში განხორციელებული სიუციდური თავდასხმა და მისი თანმდევი წარმატება, მიიჩნევა იმ გადამწყვეტ მომენტად, რომლის შემდეგაც სუიციდური ტერორიზმი გახდა სხვადასხვა რელიგიური თუ სეკულარული ჯგუფების საბრძოლო ტაქტიკის მთავარი ნაწილი და იქცა გლობალურ ფენომენად.
      მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან სუიციდური თავდასხმის პრაქტიკა დაინერგა სხვადასხვა ტერორისტული ორგანიზაციების მიერ თურქეთში, ჩეჩნეთში, ისრაელში, პაკისტანში თუ სხვა ტერიტორიებზე. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტმა კი დასავლური დემოკრატიები  მკაცრი რეალობის წინაშე დააყენა, რომლის მიხედვითაც მათ მოქალაქეებს სუიციდური თავდასხმის საფრთხე არა მხოლოდ სხვა ტერიტორიაზე ყოფნისას ემუქრებათ, არამედ საკუთარ ქვეყანაში ყოველდღიური საქმიანობისას. 1980-2005 წლებში განხორციული აქტების უმრავლესობას ადგილი ჰქონდა შრი-ლანკაში, ისრაელ-პალესტინასა და ერაყში.[8] ავღანეთსა და ერაყში მიმდინარე ომებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აგრეთვე სუიცუდირი თავდასხმების სიხშირის მატებაში.
ორგანიზაციული მოტივები
    ტერორისტული ორგანიზაციების მიერ სუიციდური თავდასხმების აქტიური გამოყენება შეუძლებელია აიხსნას ამ ტაქტიკის შედარებითი დანახარჯისა და მოგების გაანალიზების გარეშე. ტერორისტული ორგანიზაციები სუიციდური ტერორიზმის თავიანთ საქმიანობაში დანერგვით ცდილობენ მოახდინონ თავიანთი მიზნების ლეგიტიმაცია, „მტრის“ დემორალიზაცია,  ხელი შეუწყონ ახალი თანამოაზრეების გაჩენას და ასევე მოიზიდონ დაფინანსების წყაროები. 
     სტატისტიკურ მონაცემებს თუ დავეყრდნობით მსხვერპლის რაოდენობის თვალსაზრისით სუიციდური ტერორიზმი უპირატესობას ფლობს სხვა აქტებთან შედარებით. 1980-2001 წლებში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმების მხოლოდ 3%-ს შეადგენდა სუიციდური დაბომბვა, მაშინ როცა საერთო მსხვერპლის 48% სწორედ თვითმკვლელი ტერორისტების მოქმედებამ გამოიწვია. 2000-2002 წლის პალესტინელების თავდასხმებიდან კი მხოლოდ 1%-ს შეადგენდა სუიციდურ აქტები, მაშინ როცა მსხვერპლის 44% სწორედ ამ ტაქტიკით იყო გამოწვეული.[9]
      სუიციდური ტერორიზმი წარმოადგენს სხვა აქტებთან შედარებით ეფექტურ ფსიქოლოგიურ იარაღსაც. მთავრობის უუნარობა აღკვეთოს მსგავსი თავდასხმა ზრდის საზოგადოებაში შიშისა და დაუცველობის განცდას. მის მიერ მოტანილი ზიანის მასშტაბურობა კი მედიის ყურადღების მიპყრობის უმთავრეს გარანტიას  წარმოადგენს. სუიციდური ტერორიზმი წარმოადგენს „პოლიტიკური თეატრის ფორმას“, სადაც აუდიტორიის რეაქციას უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე თავად ქმედებას.[10]
      შეიძლება მივიჩნიოთ, რომ სუიციდურ თავდასხმას ორი სამიზნე აუდიტორია ჰყავს - ერთი მოწინააღმდეგეთა ბანაკში, მეორე კი საკუთარი ხალხი. თვითმკვლელი ტერორისტების გადაწყვეტილება საკუთარი სიცოცხლე შეწირონ მსხვერპლად იმ მიზანს, რისთვისაც იბრძვის ტერორისტული ჯგუფი მეტ ლეგიტიმურობას სძენს მათ იდეოლოგიას. აქედან გამომდინარე თანამოაზრეთა და პოტენციურ თვითმკვლელ ტერორისტთა გაჩენა მათ რიგებში ბუნებრივი თანმდევი შედეგია.
    სუიციდური თავდასხმის დაგეგმვა/განხორციელებაც ნაკლებ ძალისხმევასთან არის დაკავშირებული. ამ ტაქტიკის წარმატებულობას განაპირობებს თვითმკვლელი ტერორისტის უნარი გააკონტროლოს დრო და ადგილი. მას შეუძლია მოცემულ დროში, ადგილზევე გადაწყვეტილების მიღებით რაც შეიძლება მეტი ადამიანი იმსხვერპლოს და სხვა საშუალებებისგან განსხვავებით მაქსიმალურად მიუახლოვდეს სამიზნე ობიექტს. ეს ტაქტიკა არ საჭიროებს ასევე ტერორისტის გამოხსნის გეგმის არსებობას და ნაკლებ საფრთხეს შეიცავს ზოგადად ორგანიზაციის არსებობისთვის, ვინაიდან არ არსებობს შიში იმისა, რომ თვითმკვლელი ტერორისტი ტყვედ ჩავარდება და მისგან მოწინააღმდეგე მხარე ორგანიზაციის საქმიანობაზე საჭირო ინფორმაციას მიიღებს.[11]  
      მაშინ როდესაც სუიციდური თავდასხმის განსახორციელებლად საჭირო მასალის თვითღირებულება, როგორც წესი, არ აღემატება 500$-ს, მატერიალური სარგებელი ტერორისტული ორგანიზაციისთვის საგრძნობლად დიდია. თვითმკვლელი ტერორისტისადმი თანაგრძნობის გამოხატვის უმთავრეს ფორმას სწორედ ჯგუფის დაფინანსება წარმოადგენს. მედიის ყურადღება და გაზრდილი მხარდაჭერა ტერორისტული ჯგუფის სიცოცხლისუნარიაონობის მთავარი ინდიკატორია, რაც თავის მხრივ განაპირობებს დაფინანსების წყაროების გადაწყვეტილებას, მატერიალური დახმარების კუთხით, მეტოქე ტერორისტულ ჯგუფებს შორის არჩევანის გაკეთებისას. ასევე მნიშვნელოვანია დიასპორის როლი ფინანსური მხარდაჭერის აღმოჩენის თვალსაზრისით, რაც ნათლად წარმოჩნდა თამილელი ვეფხვების მაგალითზე. მათ, განხორციელებული ერთ-ერთი სუიციდური აქტის შემდეგ, 150 მილიონი დოლარით დაეხმარნენ 800 000-მდე კანადაში, ავსტრალიასა და სხვა ადგილებში მცხოვრები თამილელები. [12]
     შედეგად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ სუიციდური თავდასხმებს სხვა ტაქტიკებთან შედარებით უპირატესობა გააჩნია შემდეგი ძირითადი ასპექტების გათვალისწინებით: ის საჭიროებს ნაკლებ რესურსს განსახორციელებლად, მარტივ სტრატეგიულ დაგემარებას და შეიცავს მისიის ჩავარდნის მცირე რისკებს. მისგან მიღებული სარგებელი მსხვერპლის რაოდენობის, მედიის ყურადღების, შიდა კონსოლიდაციისა და ფინანსური მხარდაჭერის თვალსაზრისით კი სუიციდურ ტერორიზმს ორგანიზაციებისთვის სასურველ ტაქტიკად აქცევს.

ინდივიდუალური მოტივები
   სუიციდური თავდასხმების შედეგად გამოწვეული ზიანის მასშტაბურობა კიდევ ერთხელ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს გავრცელებულ შეხედულებას, რომლის მიხედვითაც თვითმკვლელი ტერორისტები წარმოადგენენ ფანატიკოსებს და მოქმედებენ აფექტურ  მდგომარეობაში. ამის საპირისპიროდ ჩვენ შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ისინი არიან მართულნი კონრეტული მოტივებითა და ემოციებით, რაც აიძულებს მათ იფიქრონ მხოლოდ მისიის წარმატებით შესრულებაზე საკუთარი სიცოცხლის შეწირვის გზით.
   იმ ემოციებს შორის, რომელიც უბიძგებს ინდივიდს გახდეს თვითმკვლელი ტერორისტი განსაკუთრებულად მძაფრია ოჯახის წევრის სიკვდილით ან შეურაცხყოფით გამოწვეული შურისძიების სურვილი. სუიციდური თავდასხმის განხორციელება ასევე შეიძლება განპირობებული იყოს ინდივიდის ალტრუისტული რწმენით, რომ საერთო მიზნის მიღწევის ერთადერთ ეფექტურ საშუალებას სწორედ ეს ტაქტიკა წარმოადგენს.
   თვითმკვლელ ტერორისტებს მიწიერი და ზეციური ჯილდოს მიღების სურვილიც ამოძრავებთ. სუიციდური აქტის განმხორციელებელთა ოჯახები განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობენ საზოგადოებაში. როგორც წესი, სიკვდილის წინ ვიდეოთი გადაღებული მათი ბოლო სიტყვა ვრცელდება ინტერნეტ გვერდების საშუალებით, ასევე მათი სურათები განთავსდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ასევე ხშირ შემთხვევაში სუიციდურ თავდასხმას საფუძვლად უდევს მატერიალური მოტივები, ვინაიდან თვითმკვლელი ტერორისტის ოჯახს ფულად ჯილდოს (კომპენსაციის სახით) გადასცემს წარმგზავნი ტერორისტული ორგანიზაცია. შედეგად იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თავიანი ცხოვრების არსს ვერ ხედავენ სუიციდური თავდასხმა წარმოადგენს საზოგადოებაში გმირის სტატუსის მოპოვების, ოჯახისადმი პატივისცემის უზრუნველყოფისა (პირდაპირ გავლენას ახდენს ე.წ. self-image-ზე) და ასევე მატერიალური სარგებლის მოტანის ეფექტურ საშუალებას.
   რელიგიურ ჯგუფებში ინდივიდუალურ დონეზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება არამიწიერი სარგებლის მიღების სურვილს. რელიგიური დოქტრინით ხდება გამართლება ერთი შეხედვით ამორალური ქმედების. ისლამურ სამყაროში სულიერი ჯილდო, როგორც წესი, მოიცავს შემდეგ ასპექტებს: „მარტვილის სისხლის პირველი წვეთის დაცემისას მას ამქვეყნიური ცოდვები მიეტევება, დაუყოვნებლივ ხვდება სამოთხეში, აქვს პრივილეგია იყოს წმინდანებთან და მორწმუნეებთან ერთად, 70-მდე ნათესავს შეუძლია შუამდგომლობა გაუწიოს ღმერთთან, ასევე დაცულია სიკვდილის თანმხლები ტკივილისგან“.[13]
    მიუხედავად იმისა, რომ რელიგიური ასპექტები მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ინდივიდის გადაწყვეტილებას სიცოცხლე გაიღოს მსხვერპლად საზოგადო მიზნის მისაღწევად, სუიციდური ტერორიზმი მხოლოდ ისლამურ ფუნდამენტალიზმთან არ უნდა გავაიგივოთ. ინდივიდუალური გადაწყვეტილება შეიძლება პატრიოტული სენტიმენტებითაც იყოს განპირობებული. მაგალითად თამილელი ვეფხვების იდეოლოგია მარქსიზმ-ლენინიზმს ემყარებოდა და რთულია რელიგიურ მოტივების მნიშვნელობაზე  ვისაუბროთ, ისევე როგორც ქურთისტანის მუშათა პარტიის შემთხვევაში.[14] ნაციონალისტური რიტორიკა პატრიოტულ გრძნობებს აღვივებს ინდივიდებში, ახდენს მტრის ხატის დელიგიტიმაციას და ჯგუფის ვიქტიმიზაციას. შედეგად სუიციდური თავდასხმა ისტორიული სამართლიანობის აღდგენისთვის გამიზნულ ეფექტურ საშუალებად აღიქმება.
   თვითმკვლელი ტერორისტის ერთგვაროვანი ფსიქოლოგიური პორტრეტის განსაზღვრა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. თითოეულ შემთხვევაში ჩვენ ვხვდებით სხვადასხვა ემოციების: სიამაყის, სიბრაზის, შურისგების სურვილის, უიმედობის, ჯგუფის/ლიდერის/ოჯახისადმი ლოიალურობის ერთობლიობას. მათი თავდასხმები შემდეგ გზავნილს გადასცემს საზოგადოებას : „ჩვენ შეიძლება ვიყოთ მატერიალურად სუსტი, მაგრამ ჩვენ უფრო ძლიერი ვართ ვინაიდან სიკვიდლის არ გვეშინია“. [15]


    ქალი თვითმკვლელი ტერორისტები

   ქალების ჩართულობა სუიციდურ თავდასხმებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საზოგადოდ დამკვიდრებული სტერეოტიპის გამო, რომლის მიხედვითაც ქალი აღიქმება მშვიდობისმოყვარე არსებად. შესაბამისად დასავლურ სამყაროში ქალების მიერ განხორციელებული სუიციდური თავდასხმა განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს და ასევე ემსახურება მებრძოლი მხარის სასოწარკვეთის ხაზგასმას, ვინაიდან მიანიშნებს ვითარების იმგვარ გართულებაზე, სადაც უკვე ქალები იბრძვიან მამაკაცების ნაცვლად.
    ქალი თვითმკვლელი ტერორისტების საერთო მახასიათებლების გამოკვეთაც სირთულესთან არის დაკავშირებული. მათ შორის ჩვენ ვხვდებით, როგორც მდიდრებს ისე საშუალო კლასის წარმომადგენელს, ქვრივსაც და გაუთხოვარს, უმუშევრებს თუ ანაზღაურებად მუშახელს. მიუხედავად იმისა, რომ სუიციდურ თავდასხმებში ქალის გამოყენება ახალი ფენომენი არ არის, რიცხვობრივმა მაჩვენებლმა ბოლო ათწლეულში საგრძნობლად იმატა. პირველი სუიციდური თავდასხმა ქალი ტერორისტის მიერ განხორციელდა 1985 წელს ისრაელში, სადაც 16 წლის გოგონას მიერ საკუთარი თავის აფეთქებამ გამოიწვია ორი ჯარისკაცის სიკვდილი.[16] ამ მოვლენის შემდეგ სუიციდურ ტერორიზმში ქალების ჩართულობა გაიზარდა ლიბანში, შრი ლანკაში, ჩეჩნეთში, ისრაელსა და თურქეთში. თამილელი ვეფხვების მიერ ჩატარებული სუიციდური თავდასხმების ერთი მესამედი, ხოლო 1995-1999 წლებში ქურთისტანის მშრომელთა პარტიის სუიციდური აქტის 2/3 ქალი თვითმკვლელი ტერორისტის მიერ იყო განხორციელებული[17].
     ქალი თვითმკვლელი ტერორისტებიც წინა ქვეთავში განხილული ინდივიდუალური მოტივებით მოქმედებენ. თუმცა რამდენიმე ასპექტი საჭიროებს ყურადღების გამახვილებას. ქალი ტერორისტები მამაკაც თვითმკვლელ ტერორისტებთან შედარებით, ნაკლებ ეჭვს იწვევენ საზოგადოებაში და უფრო მარტივად ახერხებენ სამიზნესთან მიახლოებას. ამასთანავე მათი სამოსი ხელს უწყობს ასაფეთქებელი საშუალებების შენიღბვას. ოჯახის წევრების დაკარგვა, როგორც მთავარი მოტივაცია მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ქალი ტერორისტების ქმედებას. განსაკუთრებით ტრადიციულ საზოგადოებებში დაქვრივებული ქალი თავს გრძნობს უიმედოდ და იზოლირებულად.[18] 2003 წელს 29 წლის პალესტინელმა მოსამართლემ თავი აიფეთქა ჰაიფას რესტორანში, 20 ადამიანი იმსხვერპლა უფრო მეტი კი დაშავდა. ოჯახის წევრები ახალგაზრდა ქალის ამ გადაწყვეტილებას ხსნიან შურისძიების სურვილით ისრაელის სამხედრო ძალების მიერ მისი ძმისა და საქმროს მოკვლის გამო.[19] ეს მხოლოდ ერთ-ერთი იმ შემთხვევათაგანია, როდესაც ახლობლის დაკარგვის შედეგად გამოწვეული ემოცია უბიძგებს ინდივიდს გაიღოს თავისი სიცოცხლე შურისგების მიზნით.
     ეს ტენდენცია ასევე ადვილი შესამჩნევია ჩეჩენი თვითმკვლელი ქალი ტერორისტების მაგალითზე. კრემლში მათ უწოდებენ „შავ ქვრივებს“.[20] მათ გადაწყვეტილებას საკუთარი სიცოცხლე გაწირონ უმთავრესად საფუძვლად უდევს ქმრის, ძმების, მამისა თუ შვილების რუსული სამხედრო ძალების მიერ მკვლელობა. ქალების მიერ ამ ტაქტიკით მოქმედებას ასევე განაპირობებს კონკრეტული კულტურული ასპექტები. მაგალითად, ჩეჩნეთში ქალთა ინტენსიური თანამონაწილეობას სუიციდურ თავდასხმებში აიხსნება აგრეთვე იმ გარემოებით, რომ ქალებს არსებული კულტურული ნორმები უკრძალავს ჩვეულებრივ შეიარაღებულ დაპირისპირებაში მონაწილეობას.[21]
   
დასკვნა
    სუიციდური ტერორიზმის ფართო გავრცელებასთან ერთად იზრდება ყურადღება იმ გარემოებების მიმართ, რაც უბიძგებს ადამიანებს საკუთარი სიცოცხლე გამოიყენონ ბრძოლის იარაღად. საზოგადოდ გავრცელებული შეხედულება თვითმკვლელი ტერორისტების ფსიქიკური თუ სოციალური მდგომარეობის შესახებ, არასაკმარისია ახსნას იმ იმპულსების კომპლექსური ბუნება, რომელთა ერთობლიობაც სუიციდურ თავდასხმას ტერორისტული ჯგუფებისთვის ბრძოლის ეფექტურ ტაქტიკად აქცევს.
    წინამდებარე ნაშრომი მიზნად ისახავდა განეხილა სუიციდური ტერორიზმის გავრცელების ხელშემწყობი ფაქტორები, როგორც ორგანიზაციულ ისე პიროვნული დონეზე. პირველ რიგში სუიციდური თავდასხმების გამოყენება ემსახურება იმ მიზნისთვის ლეგიტიმურობის მინიჭებას, რომლის მისაღწევადაც იბრძვის ტერორისტული ჯგუფი. ბრძოლის რადიკალური ფორმის გამოყენება ეფექტურ ტაქტიკას წარმოადგენს მოწინააღმდეგის დელიგიტიმაციისთვის, ვინაიდან ხაზს უსვამს, რომ მასთან ბრძოლის სხვა საშუალება, გარდა საკუთარი სიცოცხლის მსხვერპლად შეწირვისა, ტერორისტულ ჯგუფს აღარ გააჩნია.
       ჯგუფის წევრების გადაწყვეტილება საკუთარი სიცოცხლე გაიღონ მსხვერპლად წარმოადგენს სამართლიანი ბრძოლის სიმბოლოს, ხელს უწყობს  უფრო მეტი თანამოაზრის და პოტენციური თვითმკვლელი ტერორისტის გამოჩენას  და ტერორისტული ჯგუფისთვის ფინანსური მხარდაჭერის მოზიდვის ეფექტური საშუალებაცაა.
    სხვა აქტებისგან განსხვავებით, სუიციდური თავდასხმის განხორციელება დაგეგმვის თვალსაზრისითაც უფრო მარტივია. თვითმკვლელი ტერორიზმის წინასწარი განზრახვა, რაც შეიძლება დიდი მსხვერპლი გამოიწვიოს განსაკუთრებულ დაუცველობასა და შიშს იწვევს საზოგადოებაში. მედიის ყურადღებაც მსგავს თავდასხმებს გარანტირებული აქვს, რაც უფრო მასობრივს ხდის სუიციდური აქტით გამოწვეულ უიმედობას.
    ორგანიზაციული მოტივები თვითმკვლელი ტერორისტის პიროვნული მოტივებისგან დამოუკიდებლად სასურველ შედეგს ვერ განაპირობებს. ინდივიდუალურ დონეზე არსებული უსამართლობის და შურისძიების განცდა, დაპირისპირების შედეგად განცდილი პიროვნული დანაკარგი, მატერიალური სარგებლის მიღების სურვილი, რელიგიური შეხედულებები სათანადო წინაპირობას ქმნის ტერორისტული ჯგუფის წევრის თვითმკვლელ ტერორისტად გადაქცევისთვის. განსაკუთრებულ სასოწარკვეთაზე მიანიშიშნებს ქალების მსგავს ქმედებაში ჩართულობა და საზოგადოებაში გამოწვეულ უიმედობას და შიშს ზრდის.
     მოსაზრება, რომლის მიხედვითაც მხოლოდ რელიგიური ჯგუფები (განსაკუთრებით ისლამის მიმდევრები) მიმართავენ მსგავს ტაქტიკას ყურადღების მიღმა ტოვებს თამილელი ვეფხვების, ჩეჩენი სეპარატისტების, თურქეთში Kurdistan Workers Party-ს მიერ განხორციელებული სუციდურ თავდასხმებს. შედეგად უნდა მივიჩნიოთ, რომ ტეორორისტულ ჯგუფში მსგავსი პრაქტიკის ფართოდ გავრცელების უზრუნველსაყოფად რელიგიური მოტივების გარდა აღსანიშნავია ქარიზმატული ლიდერების მნიშვნელობა, რომლებიც ნაციონალური სენტიმენტების მიზანმიმართულ გაღვივებას ემსახურებიან.
     წინამდებარე ნაშრომმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ თვითმკვლელი ტერორისტებისთვის ზოგადი იარლიყის „ფსიქიურად ავადმყოფის“ მინიჭებით ყურადღების მიღმა რჩება ის მნიშვნელოვანი ასპექტები, რაც  სუიციდური თავდასხმის ორგანიზაციულ და პიროვნულ მოტივაციას წარმოადგენს. ამ ფაქტორების იდენტიფიცირება კი ხელს უწყობს სუიციდური ტერორიზმის ფენომენის შესახებ სრულყოფილი სურათის შექმნას, რაც თავის მხრივ მის წინააღმდეგ ბრძოლის წარმატებულობის უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს.


ბიბლიოგრაფია

Bloom, Mia."Dying to kill: motivations for suicide terrorism" in Root causes of  Suicide Terrorism, ed. A. Pedahzur, New York: Routledge, 2006

Crenshaw, Martha “Explaining Suicide Terrorism: A Review Essay” Security Studies 16, no. 1 (January–March2007) http://www.surrey.ac.uk/politics/research/researchareasofstaff/isppsummeracademy/instructors%20/Explaining%20Suicide%20Terrorism.pdf
Cronin, Audrey K. "Terrorists and Suicide Attacks." (Aug. 2003), CRS Report for  Congress
Hassan, Riaz. "Global Rise of Suicide Terrorism: An Overview." Asian Journal of Social Science 36 (2008): 271–291 http://www.riazhassan.com/archive/Global_Rise_of_Suicide_Terrorism.pdf

Hassan,  RiazWhat Motivates the Suicide Bombers?YaleGlobal, 3 September 2009

Kuntzel, Matthias "Suicide Terrorism and Islam" American Foreign Policy Interests  30(2008): 227-232
Pape, Robert A. "The Strategic Logic of Suicide Terrorism." The American Political  Science Review, Vol. 97, No. 3 (Aug. 2003): 343-361
Pedahzur, Ami. "Suicide Terrorism", London: polity Press, 2005
Zedalis Debra D. "Female suicide bombers ", Strategic Studies Institute, June 2004 http://www.strategicstudiesinstitute.army.mil/pdffiles/pub408.pdf
Weinberg, Leonard and Ami PedahzurSuicide terrorism” University of Nevada and University of Haifa. http://www.academia.edu/2274509/Suicide_Terrorism















[1] Matthias Kuntzel Suicide Terrorism and IslamAmerican Foreign Policy Interests, 30: 227–232, 2008 გვ. 227
[2] Debra D. Zedalis "Female suicide bombers ", (June 2004), Strategic Studies Institute, გვ 2 http://www.strategicstudiesinstitute.army.mil/pdffiles/pub408.pdf (ბოლოს ნანახია 09.01.2013)
[3] Ami Pedahzur "Suicide Terrorism",  (London: polity Press, 2005), გვ 8
[4] Audrey Kurth Cronin. "Terrorists and Suicide Attacks " გვ 3
[5] Riaz Hassan "Global Rise of Suicide Terrorism: An Overview." გვ 273
[6] Leonard Weinberg and Ami PedahzurSuicide terrorism” University of Nevada and University of Haifa. http://www.academia.edu/2274509/Suicide_Terrorism (ბოლოს ნანახია 09.01.2013)   გვ 236
[7] Audrey Kurth Cronin. "Terrorists and Suicide Attacks " გვ 5
[8] Riaz Hassan. "Global Rise of Suicide Terrorism: An Overview." Asian Journal of Social Science 36 (2008), 274 http://www.riazhassan.com/archive/Global_Rise_of_Suicide_Terrorism.pdf (ბოლოს ნანახია 09.01.2013)
[9] Audrey Kurth Cronin. "Terrorists and Suicide Attacks." (Aug. 2003), CRS Report for Congress, გვ 9
[10] Mia Bloom "Dying to kill: motivations for suicide terrorism" მოცემულია: Root causes of Suicide Terrorism, ed. A. Pedahzur (New York: Routledge, 2006), გვ.26
[11] Leonard Weinberg and Ami PedahzurSuicide terrorism” University of Nevada and University of Haifa. http://www.academia.edu/2274509/Suicide_Terrorism (ბოლოს ნანახია 09.01.2013)   გვ.239
[12] Audrey Kurth Cronin. "Terrorists and Suicide Attacks." (Aug. 2003), CRS Report for Congress, გვ 10
[13] Leonard Weinberg and Ami PedahzurSuicide terrorism” University of Nevada and University of Haifa. http://www.academia.edu/2274509/Suicide_Terrorism (ბოლოს ნანახია 09.01.2013) გვ. 241
[14] Robert A. Pape.  "The Strategic Logic of Suicide Terrorism." The American Political Science Review, Vol. 97, No. 3 (Aug. 2003), 343
[15] Martha Crenshaw “Explaining Suicide Terrorism: A Review Essay” Security Studies 16, no. 1 (January–March 2007)  http://www.surrey.ac.uk/politics/research/researchareasofstaff/isppsummeracademy/instructors%20/Explaining%20Suicide%20Terrorism.pdf (ბოლოს ნანახია 09.01.2013) გვ 141
[16] Audrey Kurth Cronin. "Terrorists and Suicide Attacks." (Aug. 2003), CRS Report for Congress გვ.13
[17]  Ibid. გვ.12-14
[18] Debra D. Zedalis "Female suicide bombers ", (June 2004), Strategic Studies Institute, გვ 18 http://www.strategicstudiesinstitute.army.mil/pdffiles/pub408.pdf (ბოლოს ნანახია 09.01.2013)

[19] Riaz HassanWhat Motivates the Suicide Bombers?YaleGlobal, 3 September 2009

 http://yaleglobal.yale.edu/content/what-motivates-suicide-bombers-0 (ბოლოს ნანახია 09.01.2013)
[20] Ibid. გვ 14
[21] Audrey Kurth Cronin. "Terrorists and Suicide Attacks." (Aug. 2003), CRS Report for Congress გვ.14

დნესტრისპირეთის კონფლიქტის მიმოხილვა


ავტორი: კონსტანტინე შუბითიძე

შესავალი
               მოლდავეთი მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, დასავლეთით ესაზღვრება რუმინეთი, აღმოსავლეთით უკრაინა. ფართობი შეადგენს 33 700კმ2.-ს. გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე ქვეყანა იწვევს როგორც რუსეთის, ისე ევროკავშირისა და მისი პარტნიორების ინტერესს. მიუხედავად ტერიტორიული სიმცირისა მოლდავეთის ტეიტორიაზე მდებარეობს ორი ავტონომიური ერთეული: „გაგაუზია“ და „დნესტრისპირეთი“ (ე.წ. „დნესტრისპირეთის მოლდავური რესპუბლიკა“- დმრ, ფართობი 4 163 კმ2)[1]. ამ დროისათვის კონფლიქტური სიტუაცია შექმნილია ამ უკანსაკნელსა და მოლდავეთის ცენტრალურ ხელისუფლებას შორის. კონფლიქტი, იმ სახით როგორითაც იგი დღესაა წარმოდეგნილი ოფიციალურად 1991 წელს დაიწყო და მიუხედავად მრავალგზის მცდელობისა, როგორც ქვეყნის შიდა აქტორების, ისე გარე ძალების მიერ, პრაქტიკული გადაწყვეტა ვერ ხერხდება და ინარჩუნებს ე.წ. „გაყინული კონფლიქტის“ სტასუსს.
               პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა კონფლიქტებისგან განსხვავებით დნესტრისპირეთის კონფლიქტი არ წარმოადგენს ეთნიკური კონფლიქტის კლასიკურ მაგალითს, იგი უფრო პოლიტიკურ კონფლიქტად მოიაზრება რეგიონსა და ცენტრს შორის. ცალკე საკითხია რუსეთისა და რუმინეთის დიდი ინტერესი მოლდავეთის და შესაბამისად დნესტრისპირეთის კონფლიქტის მიმართ, რაც შეიძლება მოვიაზროთ შექმნილი სიტუაციის ერთ-ერთ ძირითად კატალიზატორად. ამ დროისათვის კონფლიქტის მოგვარებაში აქტიურად მონაწილეობს რუსეთი, უკრაინა, ეუთო, ევროკავშირი და ა.შ.შ., შესაბამისად არსებობს მოლაპარაკებების ე.წ. 5+2 ფორმატი(მოლდავეთი, დმრ, ა.შ.შ., უკრაინა, რუსეთი, ეუთო, ევროკავშირი)[2] და სხვა.
კონფლიქტის გამომწვევი მიზეზების ისტორიული მიმოხილვა
             1812 წელს, რუსეთის იმპერია ახდენს მდინარე პრუტის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიის ანექსირებას. რეგიონს ,,ბესარაბიის’’ სახელი ერქმევა. პრუტის დასავლეთით არსებული მიწები 1859 წელს, რუმინეთის სამეფოს შემადგენლობაში შედის. 1918 წლის 24 იანვარს, ბესარაბია დამოუკიდებლობას აცხადებს და რუმინეთს უერთდება. ამის საპასუხოდ, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე მოლდავეთის ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას (მასსრ) აარსებს, რომელსაც უკრაინის ტერიტორიის გარკვეული ნაწილის მიერთებით პოლიტიკურ მნიშვნელობას უზრდის.
         1940 წელს, საბჭოთა კავშირი ახდენს ბესარაბიის ანექსირებას რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის შესაბამისად. იგი უერთდება მასსრ-ს და იქმნება მოლდავეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (მსსრ)[3].
          1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, მოლდავეთი აღდგენილ იქნა 1940 წელს არსებულ საზღვრებში. იწყება რესპუბლიკის ინდუსტრიალიზაცია და რუსიფიკაცია. ამ პროცესის ფარგლებში მოხდა 300 000 ეთნიკურად რუსის ჩასახლება მოლდავეთის ტერიტორიაზე და 500 000 ეთნიკურად მოლდაველის გადასახლება სსრკ-ს შორეულ პროვინციებში.
          1960-იანი წლებიდან კრემლის სტრატეგიული პოლიტიკის ფარგლებში იწყება დნესტრისპირეთის რეგიონის აქტიური ინდუსტრიალიზაცია, რასაც თან ზდევს რეგიონის პოლიტიკური წონის მატება.
          გარდამტეხი მომენტი მოლდავეთის უახლეს ისტორიაში, ისევე როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დადგა სსრკ-ს პირველი პრეზიდენტის მიხეილ გორბაჩოვის რეფორმების დაწყების შემდეგ, რამაც გამოხატვისა და აზრის დაფიქსირების მეტი შესაძლებლობა მისცა ადგილობრივ მოსახლეობას, რასაც მოჰყვა მზარდი ანტირუსული განწყობა და მოძრაობა დამოუკიდებლობისაკენ.
          დნესტრისპირეთის კონფლიქტი იმ სახით, რომლითაც იგი დღესაა წარმოდგენილი დაიწყო მას შემდეგ, რაც 1991 წელს საბჭოთა კავშირი დაიშალა და მოლდავეთის იმჟამინდელი პოლიტიკური ელიტის მნიშვნელოვანმა ნაწილმა დაიწყო მოძრაობა ქვეყნის მეზობელ რუმინეთთან შეერთების მიზნით, რაც დნესტრისპირეთის ეთნიკურად რთული შემადგენლობის რეგიონისთვის (2004 წლის აღწერით მოლდაველი 32%, რუსი 31%, უკრაინელი 29%) სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა, რაც მეტწილად რეგიონში  ძლიერი რუსული გავლენის შედეგად შეიძლება მივიჩნიოთ. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის გარდა მოლდავეთის საკითხებით აქტიურ დაინტერესებას გამოხატავს რუმინეთიც, რომელიც მოლდავეთს დღემდე თავის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს და ცდილობს ადგილობრივი მოსახლეობისთვის პასპორტების დარიგებით, სხვადასხვა სახის კულტურული და ეკონომიკური ფაქტორების გამოყენებით მოახდინოს მისი მოქალაქეების მაქსიმალური ინტეგრაცია ერთიან რუმინულ სახელმწიფოში, ამ კუთხით კი განსაკუთრებით მიმზიდველს რუმინეთს ევროკავშირის წევრობა ხდის[4].
რუსეთის როლი კონფლიქტში
        შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი აღნიშნულ კონფლიქტში ერთ-ერთ ძირითად აქტორს წარმოადგენს. ფაქტობრივად რუსეთის მე-14 არმია და რუსული ეკონომიკური მხარდაჭერა განსაზღვრავს და ინარჩუნებს დმრ-ს სეპარატისტულ რეჟიმს[5]. 1992 წელს, როდესაც კონფლიქტი აქტიურ ფაზაში იმყოფებოდა და მიმდინარეობდა შეირაღებული დაპირისპირება გადამწყვეტი როლი სწორედ რუსულმა სამხედრო დანაყოფებმა ითამაშეს და ფაქტობრივად უკუაქციეს მოლდავური არმია. დღეს სამშვიდობო მისიისა და მხარეთა დაშორიშორების მოტივით რუსეთი არ ასრულებს 1999 წლის სტამბულის შეთანხმებას და არ გაჰყავს საკუთარი ბაზები რეგიონიდან, უფრო მეტიც 2012 წლის ნომებერში ვიცე-პრემიერ დიმიტრი როგოზინის ვიზიტისას ცნობილი გახდა, რომ კრემლი აპირებს გადააიარაღოს და უფრო ქმედუნარიანი გახადოს ადგილზე არსებული საკუთარი სამხედრო ნაწილები. მიუხედავად მოლდავეთ-უკრაინის საბაჟო შეთანხმებისა საფუძვლიანი ეჭვები არსებობს, რომ დნესტრისპირეთი წარმოადგენს მნიშვნელოვან სივრცეს რუსული პოლიტიკური ელიტისათვის ფულის გათეთრებისა და იარაღით ვაჭრობის კუთხით[6]. მოსკოვს ოფიციალურად აქვს გაცხადბეული, რომ დნესტრისპირეთს აწვდის ბუნებრივ აირს გაცილებით უფრო დაბალ ფასად, ვიდრე დანარჩენ მოლდავეთს. გასული წლის ბოლოს გაცხადდა ასევე, რომ რუსული დახმარება გაიზრდება 3 მილიარდ რუბლამდე სეპარატისტული რეგიონისათვის და იგეგმება რუსეთის საკონსულოს გახსნა ტირასპოლში(ე.წ. დმრ-ის დედაქალაქი), რაც ოფიციალურ კიშინოვთან შეთანხმების გარეშე მოხდა და გამოიწვია ოფიციალური პირების აღშფოთება[7].
          რუსეთის პოლიტიკა მოლდავეთთან მიმართებაში განსაკუთრებით გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ქვეყნის სათავეში ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ გასულ წელს პროდასავლური განწყობის მქონე ძალები მოვიდნენ, რაც პირდაპირ „საფრთხეს“ წარმოადგენს რუსეთისათვის, რომ მოლდავეთი მისი გვალენის სფეროდან გავა.
სამშვიდობო ინიციატივები და მათი შედეგები
           შეიარაღბეული კონფლიქტის დასრულების შემდეგ, რასაც ოფიციალური მონაცემებით დაახლოებით 1500 ადამიანი ემსხვერპლა, 4000-ზე მეტი დაიჭრა და 100 000 იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა[8], ფაქტობრივად იმავე წელს(1992 წელი) დაიწყო სხვადასხვა სახის სამშვიდობო ინიციატივებზე მუშაობა, მათ შორის შემუშავებულ იქნა განსხვავებული ფორმატები სხვადასხვა მედიატორის ან მედიატორთა ჯგუფის მხრიდან, თუმცა ამ მომენტისათვის არსებული ვითარება ცხადყოფს, რომ მათ რეალური შედეგი ვერ გამოიღეს. უფრო კონკრეტულად შმეუშავებულ იქნა შემდეგი ინიციატივები:
·         1993 წელს რუსეთთან ერთად შუამავლის როლი ეუთომ იკისრა და ჩმაოყალიბდა ე.წ. ჯგუფი „ეუთო-5“(რუსეთი, უკრაინა, ა.შ.შ., ეუთო, ევროკავშირი), ამ ხუთეულის და კიშინოვ-ტირასპოლის წარმომადგენელთა ერთობლივ მოლაპარაკებებს „5+2“ საერთასორისო მოლაპარაკებებს უწოდებენ.
·         1996-97 წლებში მიღბეულ იქნა ერთობლივი განცხადებები, მემორანდუმები, მაგრამ მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი, რეალური ნაბიჯები კონფლიქტის მოგვარების კუთხით არ გადადგმულა.
·         2000 წლის ,,პრიმაკოვის პროექტი’’, რომელიც რუსეთის ფედერაციის იმდროინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი პრიმაკოვმა შეიმუშავა.
·         2002 წელს ეუთომ რუსეთმა და უკრაინამ მოლდავეთისა და დმრ-ის პრეზიდენტებს წარუდგინეს ე.წ. „კიევის დოკუმენტი“, რომელიც მოლდავეთის ასიმეტრიულ ფედერაციულ ფედერაციულ რესპუბლიკად გარდაქმნას ითვალისწინებდა, სადაც დმრ მისი შემდაგენელი ერთ-ერთი ნაწილი იქნებოდა
·         2003 წელს მოლდავეთის პრეზიდენტი ვორონინი გამოვიდა ინიციატივით, რომ ტირასპოლთან მჭიდრო თანამშრომლობით შექმნილიყო ახალი ფედერალური კონსტიტუცია და ჩატარებულიყო ახალი საპარლამენტო არჩავნები, რასაც ტირასპოლი არ დაეთანხმდა და განაცხადა რომ მისთვის მხოლოდ კონფედერაციული მოდლეი იყო მისაღები.
·         2003 წლის ,,კოზაკის მემორანდუმი’’, რომელიც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის იმდროინდელი ადმინისტრაციის თავჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი კოზაკმა შეიმუშავა[9][10].
მოვლენების შესაძლო განვითარების სცენარები
1)     მოლდავეთის ხელისუფლება ცალსახად ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს აიღებს
მოლდავეთის ახალი ხელისუფლება, რომელიც ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ მოვიდა ქვეყნის სათავეში, წინამორბედისგან განსხვავებით აშკარად გამოხატული პროდასავლური განწყობით ხასიათდება[11]. შესაძლოა მათ ცალსახად გააკეთონ არჩევანი ევროკავშირსა და ნატოსთან ინტეგრაციაზე, რაშიც უპირობო მხარდაჭერას გამოუცხადებს რუმინეთი, თუმცა ამ შემთხვევაში მოსალოდნელია რუსეთის მხრიდან კიდევ უფრო მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა ვიდრე საკონსულოს გახსნაა სეპარატისტულ რეგიონში და გაიმეოროს საქართველოს კონფლიქტებთან დაკავშირებული სცენარი, ანუ აღიაროს დმრ დამოუკიდებლობა.
2)     მოლდავეთის ხელისუფლება უარს იტყვის ევროკავშირსა და ნატოსთან ინტეგრაციაზე და შეინარჩუნებს ნეიტრალიტეტს
ამ სცენარით მოვლენების განვითარების შემთხვევაში ოფიციალური კიშინოვი გააგრძელებს წინამორბედი კომუნისტური პარტიის პოლიტიკას და შეეცდება რუსეთის გულის მოგების სანაცვლოდ უარი თქვას ევროკავშირსა და ნატოსთან ინტეგრაციაზე და შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი, ამით იგი მიიღებს გარანტიებს, რომ რუსეთი უფრო მეტად არ გაამწვავებს ვითარებას რეგიონში, თუმცა კონფლიქტის რეალური გადაწყვეტა ნაკლებადაა შესაძლებელი ისევ და ისევ რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე. ამ შემთხვევაში მოლდავეთს გაუფუჭდება ურთიერთობა რუმინეთთანაც.
3)     რუსეთი წავა გარკვეულ დათმობებზე და მოლდავეთისგან გარკვეული გარანტიების მიღების სანაცვლოდ ხელს შეუწყობს კონფლიქტის მოგვარებას
რუსეთმა შესაძლოა მოითხოვოს გარკვეული გარანტიები მოლდავეთისგან, როგორიცაა მაგალითად მოლდავეთის რუმინეთთან მიერთების დაუშვებლობა და სამხედრო ალიანსებში გაწევრიანებაზე უარის თქმა, რის სანაცვლოდაც ხელს შეუწყობს კონფლიქტის მოგვარებას, რითაც საკუთარ იმიჯსაც გაიუმჯობესებს საერთაშორის თანამეგობრობის თვალში, რომელიც შეელახა 2008 წელს საქართველოს კონფლიქტური რეგიონების აღიარების შემდეგ.
4)     მოლდავეთი უარს არ იტყვის ევროკავშირსა და ნატოსთან ინტეგრაციაზე, თუმცა ქმედით ნაბიჯებს ამ მიმართულებით ვერ გადადგამს
ცხადია, რომ მოლდავეთისთვის ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაცია პრიორიტეტული და სასურველია, რაც პროდასავლური ხელისუფლების არჩევითაც დასტურდება, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ოფიციალურმა კიშინოვმა აღნიშნული კურსის გატარება ტეროტირული მთლიანობის სანაცვლოდ გადაწყვიტოს, ამიტომ მას მოუწევს უარი არ თქვას ზემოხსენებულ ალიანსებში გაწევრიანებაზე, თუმცა აქტიურ და ქმედით ნაბიჯებს ამ კუთხით ვერ გადადგამს სიტუაციის გამწვავების შიშით.
დასკვნა
          მიუხედავად იმისა, რომ დნესტრისპირეთის კონფლიქტი მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე მარტივ კონფლიქტად პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებულ კონფლიქტებს შორის, აშკარაა რომ მასში იკვეთება არამხოლოდ შიდასახელმწიფოებრივი დაპირისპირება, არამედ ისეთი მნიშვნელოვანი აქტორების ინეტერესები როგორიცაა რუსეთი და ევროკავშირის წევრი რუმინეთი. გამომდინარე იქიდან, რომ მოლდავეთი წარმოადგენს ერთგვარ ბუფერულ სახელმწიფოს ევროკავშირსა და მის მოკავშირეებს და რუსეთს შორის ნაკლებად სავარაუდოა რომელიმე მათგანმა დათმოს საკუთარი პოზიცია და დაუშვას ოპონენტის გავლენის სფეროს ქვეშ ამ ქვეყნის მოქცევა.
        მოვლენების შესაძლო განვითარების მოყვანილი სცენარებიდან, ამ დროისათვის არსებული რეალობიდან გამომდინარე ყველაზე რეალურად სავარაუდოდ მე-4 სცენარი უნდა იქნას მიჩნეული, რადგან ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება ყველა სახელმწიფოსთვის უპირველეს ამოცანას წარმოადგენს, თუმცა მოლდავეთი უარს ვერ იტყვის ვერც ევროკავშირსა და ნატოსთან ინტეგრაციის გცხადებულ კურსზე, რადგან ამ შემთხვევაში შესაძლოა დაკარგოს დასავლელი პარტნიორები და ხელიდან გაუშვას ის ძირითადი ბერკეტი რითაც რუსეთთან საუბრისას გარკვეული ლავირების საშუალება ეძლევა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარება მოკლევადინა პერსპექტივაში ნაკლებად სავარაუდოა და დიდწილად დამოკიდებულია რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე.






[1] მალაშხია შოთა, „კონფლიქტების ანატომია“, 2011წ., გვ. 228-252
[2] http://www.osce.org/cio/92165, ბოლოს ნანახია 15.01.2013, 21:13 სთ-ზე.
[3] http://www.mongabay.com/reference/country_studies/moldova/HISTORY.html, ბოლოს ნანახია 15.01.2013, 23:15 სთ.
[4] http://www.moldova.org/page/history-2-eng.html ბოლოს ნანახია 15.01.2013, 22:00 სთ.
[5] http://www.conflicts.rem33.com/images/moldova/mold_his_3.htm ბოლოს ნანახია 15.01.2013, 20:07სთ.
[6] European Parliament, ‘’Chairman’s Report – Ad Hoc Delegation To Moldova’’, June 5-6, 2002, p. 6. http://www.europarl.europa.eu/meetdocs/committees/afet/20021007/473437EN.pdf ბოლოს ნანახია 15.01.2012, 23:45სთ.
[8] http://www.infoplease.com/ipa/A0107787.html?pageno=2, ბოლოს ნანახია 15.01.2013, 22:40სთ.
[9]http://www.nationsencyclopedia.com/Europe/Moldova-HISTORY.html, ბოლოს ნანახია 15.01.2013, 21:17სთ
[11] http://www.factmonster.com/ipka/A0107787.html ბოლოს ნანახია 15.01.2013, 22:15სთ.